ფეხბურთი

18:40 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გადაფასებულები - ქინქლაძე პელეს, სქოულზის, რობერტო კარლოსის გვერდით

ვებგვერდმა Football365-მა 10 ყველაზე მეტად გადაფასებული ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. მოთამაშეები, რომლებიც საკულტო გმირები არიან, მაგრამ რეალურად ასეთი დონის ფეხბურთელები არ იყვნენ.

ჩამონათვალი საინტერესოა და ისეთი მოთამაშეები მოხვდნენ, როგორებიც პელე, პოლ სქოულზი, ნეიმარი და რობერტო კარლოსი არიან. რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, სიაშია - გიორგი ქინქლაძე, რომელსაც გამოცემამ მეხუთე პოზიცია არგუნა.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ:

„შეუძლებელია გარკვეული მოთამაშეების გახსენება კონტექსტის დაუკარგავად. გიორგი ქინქლაძე ყოველთვის დაიკავებს ადგილს „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივართა გულებსა და გონებაში, რადგან რთულ პერიოდში ბრილიანტი აღმოაჩინეს. მან უარყო „ბარსელონას“, „ლივერპულისა“ და „ინტერის“ დაინტერესება, რომ თავის ოჯახად ქცეულ „სიტისთან“ ერთად ლამის მესამე დივიზონში ეთამაშა. „მეინ როუდზე“ პრემიერლიგაში ჩატარებულ პირველ სეზონში ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.

ბავშვობის სურვილი, რომ ქინქლაძე თანამედროვე „სიტიში“ ვნახოთ, ყველას რჩება, გარშემო ძლიერი თანაგუნდელებით და მასზე მორგებული უკეთესი სისტემით. მაგრამ ეს იქნებოდა ქართველის გადაფასება ან „სიტის“ დღევანდელი ფეხბურთელების დაუფასებლობა, თუ ვირწმუნებთ, რომ ამ გუნდში თავს დაიმკვიდრებდა. ერთხელ ჯო როულმა თქვა: „ქინქლაძის საკულტო ფენომენის შესახებ ბევრი რამ არასწორი იყო". როდესაც მას შეადარებთ სტილით მსგავსს, მაგრამ უფრო სტაბილურ ჟუნინიოს, ამ ფრაზის აზრს მიხვდებით“, - წერს გამოცემა.

ქინქლაძის, პელეს, ნეიმარის, რობერტო კარლოსისა და პოლ სქოულზის გარდა, ზედმეტად დაფასებულ მოთამაშეთა ათეულში ჰიდეტოში ნაკატა, ჰალკი, ფელიპე კოუტინიო, კლოდ მაკელელე და დავიდ ჟინოლა მოხვდნენ.

0.120583