„იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ავტობიოგრაფიულ წინგში, „მე ჯორჯო“, 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ წერს.
„იუვე“ მაშინ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, პირველ ტაიმში მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ანგარიშიც თანაბარი იყო (1:1), მაგრამ მეორე ნახევარში, ესპანელებმა იტალიელებს ერთი თავით აჯობეს.
მაშინ კარგა ხანს დადიოდა ხმები, რომ შესვენებაზე ტურინელმა ფეხბურთელებმა, ლეონარდო ბონუჩიმ და დანი ალვეშმა იჩხუბეს. თუმცა, როგორც კიელინი წერს, ასე არ ყოფილა და წაგების მიზეზი დაღლილობა იყო, რადგან გუნდი სეზონის ბოლო მატჩს გამოფიტული შეხვდა.
„პირველი ტაიმის შემდეგ უკიდურესად დაღლილები ვიყავით. მარიო მანჯუკიჩი იატაკზე დაეცა, მირალემ პიანიჩს სუნთქვაც უჭირდა. ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დრამატულად დასრულდა. შესვენებაზე გასახდელში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, არავის უჩხუბია. წავაგეთ, რადგან დაღლილები ვიყავით. ფინალები ჩვენთვის ყოველთვის ძალიან გვიან იმართება“, - დაწერა ვეტერანმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, კარდიფში, „რეალმა“ „იუვენტუსი“ 4:1 დაამარცხა.