ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის განახლების თარიღი ოფიციალურად დაასახელა. შედეგად, 8 ივნისიდან ლა ლიგის განახლება შესაძლებელი იქნება.
„სპორტის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების განახლება 8 ივნისიდან შესაძლებელია“, - თქვა ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა.
ამრიგად, ლა ლიგა სავარაუდოდ სულ მალე დაგვიბრუნდება. ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურ და რეალურ ვარიანტად 12 ივნისი სახელდება, როდესაც შეწყვეტილი სეზონი სევილიური დერბით უნდა განახლდეს.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ კმაყოფილება არ დამალა.
„ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის კლუბების, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დიდი შრომის შედეგი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ჯანმრთელობის რეგულაციები და პანდემიის ევოლუციას თავი ავარიდოთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გათამაშება მარტში შეწყდა. სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ ლიდერობს, რომელიც „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.