მიუნხენის „ბაიერნისა“ და მანუელ ნოიერის თანამშრომობა გრძელდება. პრობლემა ამოწურულია და მხარეებმა კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივეს.
გერმანელი კიპერი „ალიანც არენაზე“ 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება, ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა დაადასტურა.
„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არ მინდოდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან არც ვიცოდი ფეხბურთი როდის გაგრძელდებოდა. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მეკარეების მწვრთნელ ტონი ტაპალოვიჩთან მუშაობის გაგრძელება და ახლა, როდესაც ეს პრობლემა მოგვარდა, მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ჩემს სახლში, ბავარიაში. „ბაიერნი“ კი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რჩება“, - თქვა მიუნხენელთა კაპიტანმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს „შალკედან“ გადავიდა და დღემდე გერმანული გიგანტის ღირსება 375 შეხვედრაში დაიცვა. აქვე გეტყვით, რომ ნოიერსა და "რეკორდმაისტერს" შორის კონტრაქტზე შეთანხმება დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა და ზაფხულში მიუნხენიდან მის წასვლას არ გამორიცხავდნენ. თუმცა, გამოცდილი კიპერი "ბაიერნს" კარს მომდევნო სამი წელიც დაიცავს.