28 აპრილი, 2002 წელი, სერია A-ს ბოლოსწინა, 33-ე ტურის დღე. გარდა იმისა, რომ კალჩოში სკუდეტოსთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის მიმდინარეობდა და სამივე გუნდს სულ რაღაც 2 ქულა ანსხვავებდათ, მეოთხე ადგილისთვისაც, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლეოდა, დიდი ბრძოლა იყო.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეოთხე ადგილზე, სერია A-ს დებიუტანტი და აბსოლუტური აღმოჩენა, ლუიჯი დელ ნერის „კიევო“ იყო, რომელსაც 51 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარ „მილანს“ ორი ქულით უსწრებდა (49 ქულა).
„მფრინავ ვირებს“ 33-ე ტურში ურთულესი საგარეო თამაში ჰქონდათ სკუდეტოსთვის მებრძოლ ვარსკვლავურ „რომასთან“ და ფეხიც მტკივნეულად დაუცდათ, 0:5 განადგურდნენ. პარალელურად, „მილანი“ „კიევოს“ თანაქალაქელ „ვერონას“ სტუმრობდა, რომელსაც ქულები ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან გასავარდნ ზონაში იყო და საბოლოოდ გავარდა კიდეც, კინკილა ქულა დააკლდა ელიტაში დასარჩენად.
28 აპრილს, „ვერონა“ – „მილანის“ შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 28-ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ადრიან მუტუმ კრისტიან აბიატის კარში ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. „ვერონა“ გასავარდნი ზონიდან იმ მომენტისთვის ამოძვრა, „მილანი“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს საბოლოოდ დაშორდა. კარლო ანჩელოტის გუნდს დარჩენილ დროში აუცილებლად უნდა შეეცვალა ვითარება.
ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც „როსონერის“ ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე ნახევარდაცვაში ირჯება. მეორე ტაიმის დასაწყისში კალაძე მარკო კასეტისთან ბრძოლაში საჯარიმოში დაეცა და სტეფანო ფარინამ პენალტი დანიშნა. თუმცა, ფეხბურთელებს შორის კონტაქტი საეჭვოა, მაგრამ მსაჯი შეუვალია. ბურთთან სერჟინიო მივიდა და მხოლოდ ძელს დაუმიზნა, ანგარიში უცვლელი დარჩა.
65-ე წუთზე კახამ ბურთი მოედნის ცენტრში მოიხელთა და დიდებული პასით ფილიპო ინძაგი მეკარეს შეატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, ფრე „მილანს“ ოთხეულში ვერ შეიყვანს და მეორე გოლია გასატანი, რომელიც არსაიდან ჩანს. სხვათა შორის, სანამ კალაძის მოხდენილი პასით ინძაგი გაათანაბრებდა, ქართველმა დაცვაში ითამაშა დიდებულად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, როდესაც ახლო დისტანციიდან დაბლოკა ვერონელთა დარტყმა.
დრო გადის, თამაში სრულდება. 82-ე წუთი, კალაძე ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან იღებს, თუმცა, სივრცე პრაქტიკულად არაა, რადგან მასპინძელი მცველები ძალიან მჭიდროდ არიან განლაგებულნი. ამის მიუხედავად ქართველმა მოედნის შესაშური ხედვა გამოავლინა და ამჯერად ანდრეა პირლო დატოვა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩვეულებრივ, ასეთ პასებს პირლო ასრულებდა ხოლმე, მაგრამ ახლა პირიქით იყო.
ორი საგოლე პასი, რომელთაც ხელს ნებისმიერი ნახევარმცველი მოაწერდა, თუნდაც პირლო, თუნდაც ჩავი, თუნდაც ინიესტა, გადაჭარბების გარეშე... ეს გადამწყვეტი იყო. საბოლოოდ, ბოლო ტურის წინ „მილანმა“ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, „კიევოსთან“ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა. 5 მაისს, დასკვნით ტურში „როსონერიმ“ „ლეჩე“ 3:0 დაამარცხა (ანგარიში სწორედ კალაძემ გახსნა), მოიგო „კიევომაც“, მაგრამ „მილანმა“ სეზონი 55, ხოლო ვერონელებმა 54 ქულით დაასრულეს და ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. იმ ჩემპიონთა ლიგის, რომელიც ტრიუმფით დაასრულა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ არა, კახა კალაძის ორი გენიალური პასი 2002 წლის 28 აპრილს, „ვერონასთან“, „მილანი“ 2002-2003 წლების სეზონში არათუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა, საერთოდ იმ ტურნირზე ვერ ითამაშებდა.