ესპანური "ლეგანესის" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ლა ლიგის ხელმძღვანელობას დაასწრო და Marca-სთან ინტერვიუში სეზონის განახლების თარიღი დაასახელა.
მექსიკელის განცხადებით, მას უკვე ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ლა ლიგის შეწყვეტილი სეზონი 20 ივნისს განახლდება და 5 კვირაში დასრულდება.
"არსებობს ლა ლიგის განახლების თარიღი: დავიწყებთ 20 ივნისს და დავასრულებთ 26 ივლისს. 11 ტურის ჩატარება შაბათ-კვირას, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოგვიწევს, 5 კვირაში სეზონი დასრულდება. ამის შესახებ ოფიციალურად ლა ლიგიდან შემატყობინეს და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უკვე გვაქვს ვარჯიშების კალენდარიც - 8 მაისიდან დავიწყებთ, ტესტების ჩატარების შემდეგ.
თამაშში 5 ცვლილება ჩემი აზრით იდეალური იქნება. წარმოუდგენელია სახლში, ოთხ კედელში 80 დღის გატარების შემდეგ ფეხბურთელებმა ასეთ გრაფიკში 90 წუთი ითამაშონ, ტრავმები თავიდან უნდა ავიცილოთ და ფეხბურთელები ფორმაში დავაბრუნოთ", - თქვა აგირემ.