მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა გაანახლოს და „ბოტაფოგოში“ გადაბარგდეს.
დაინტერესება რომ არსებობს, ბრაზილიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო როტენბერგმა TF Channel-თან ინტერვიუში დაადასტურა:
„ჩემთვის ის 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მესიმ მოიგო, რადგან მესია და არიენი მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა, ის ჩემი იდეალია, ვფიქრობ, რომ დიდი ფეხბურთელია. არსებობს რისკი, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ მან მიპასუხა და მითხრა, რომ ჩვენი ინტერესით კმაყოფილია“, - თქვა როტენბერგმა.
აქვე გეტყვით, რომ რობენმა, რომელმაც კარიერა 2019 წლის მაისში დაასრულა, ცოტა ხნის წინ კარიერის შესაძლო განახლებაზე ღიად ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „ბოტაფოგოში“ კარიერის მიწურულს კიდევ ერთმა ნიდერლანდელმა ლეგენდამ, კლარენს ზეედორფმაც ითამაშა.