მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა დაადასტურა, რომ MLS-ის ჩემპიონატი ძალიან მოსწონს და იქ კარიერის გაგრძელებაც არ გამორიცხა.
„აშშ-ს ჩემპიონატი ძალიან მომწონს, ბოლო წლებში განვითარდა, როგორც ფეხბურთელების დონით, ისე სტრუქტურულად. ბევრ ფეხბურთელს სურს იქ სათამაშოდ წასვლა და რა თქმა უნდა, ეს მაინტერესებს. შვებულებაში ლოს ანჯელესში წასვლა მიყვარს“, - თქვა 30 წლის უელსელმა.
შემდგომ გარეთმა ლონდონის „ტოტენჰემიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი:
„ტოტენჰემში“ ჩემი გატარებული პერიოდი ძალიან მიყვარს, საოცარი გულშემატკივრები იყვნენ, კლუბი ყოველთვის გამორჩეულად მეპყრობოდა, მაგრამ როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი გიწვევს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო“, - დასძინა ბეილმა.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილი "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ბოლო დროს მადრიდში მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა და არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.