ესპანეთის ჩემპიონის ორი ტიტული და ერთი უეფას თასი სამ სეზონში. რაფა ბენიტესმა „ვალენსიაში“ ბედნიერი კუნძული შექმნა, გამარჯვებით და 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით.
ბენიტესის წინამორბედი „მესტალიაზე“ ჰექტორ რაულ კუპერი იყო, რომელმაც ორ სეზონში ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ყველასთვის პატივსაცემი გუნდი გახადა. თუმცა ორჯერვე დამარცხდა და ერთადერთი ტიტული, რასაც არგენტინელი „ვალენსიასთან“ ერთად შესწვდა ესპანეთის სუპერთასი იყო (1999 წელს), ისიც ამ მატჩში მონაწილეობის უფლება მანამდე კლაუდიო რანიერის ფორმაციის გუნდის მიერ მოგებული ესპანეთის თასით მოიპოვა.
კუპერი „ბაიერნთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წავიდა და მისი ადგილი რაფა ბენიტესმა დაიკავა. ესპანელმა „ვალენსიაში“ სულ სამი სეზონი იმუშავა და შესაშური შედეგები აჩვენა: ლა ლიგის წლის მწვრთნელი, ევროპის წლის მწვრთნელი, ორი ლა ლიგის ტიტული, უეფას თასი - ეს არის ის, რასაც ბენიტესმა „ლოს ჩეს“ თავკაცის რანგში სულ რაღაც სამ სეზონში მიაღწია. რაც მთავარია გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 31-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა.
ახალგაზრდა ბენიტესი „ვალენსიაში“ მას შემდეგ მივიდა, რაც „ტენერიფე“ პრიმერადივიზიონში გადაიყვანა. ცხადია, კუპერის როლი ბენიტესის წარმატებებში დიდი იყო, რადგან არგენტინელმა დიდი საფუძველი ჩაყარა, მაგრამ არც რაფა ყოფილა „მესტალიის“ სათადარიგო სკამზე მთლად ფეხი-ფეხ გადადებული.
პირველ რიგში ტაქტიკური ცვლილება მოახდინა და გუნდი, რომელიც ძირითადად პრაგმატულ 4-4-2-ით თამაშობდა, 4-2-3-1 სქემაზე გადააწყო. ახდენდა როტაციას შემადგენლობაში და ეს დამატებითი იარაღი აღმოჩნდა.
პირველივე სეზონი ტრიუმფით დასრულდა, „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, აჯობა გალაქტიკო „რეალს“, რივალდოს „ბარსელონას“ და ხავიერ ირურეტას „დეპორტივოს“, ეს იყო ტრიუმფი 31 წლის შემდეგ! მეორე სეზონი უკვე უტიტულო გამოდგა, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ნორმალურად ასპარეზობდა, მაგრამ მეოთხედფინალში „ინტერთან“ სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის გამო დამარცხდა (0:1, 2:1). ყველაზე წარმატებული კი, მესამე და დასკვნითი სეზონი გამოდგა. 2003-2004 წლების სეზონი „ვალენსიამ“ ფასეული დუბლით დაასრულა, ესპანეთიც ჩემპიონიც გახდა, სადაც მადრიდის „რეალს“8-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და პარალელურად უეფას თასი ბრწყინვალე სტილში მოიგო.
„დიდი მოგონებები მაქვს. ვგრძნობ ემოციას და სიამაყეს. თავიდან სკეპტიციზმი იყო, რადგან ნაკლებად მიცნობდნენ, მაგრამ ეტაპობრივად ხალხმა დამაფასა. ჩემმა მეთოდებმა შედეგი გამოიღო და გუნდს უსაფრთხოება მოუტანა“, - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
4-2-3-1 გახდა ბენიტესის ნიშა, რომელმაც პაბლო აიმარის ათამაშება გამოიწვია, როგორც შემტევი ნახევარმცველის/მეორე თავდამსხმელის. მოედნის ცენტრალური ზონიდან რუბენ ბარახა და დავიდ ალბელდა მოქმედებდნენ, კლუბის კიდევ ორი სახე, როგორც არგენტინელი აიმარი.
კანისარესი, აიალა, პელეგრინო, მარჩენა, ბარახა, ალბელდა, აიმარი, კურო ტორესი, რუფეტე, ვისენტე, კილი გონსალესი, მისტა, ანგულო, კარეუ, მომო სისოკო და ამადეო კარბონი - ყველა მათგანი ბენიტესის აღმავლობის პერიოდის არქიტექტორი იყო. იტალიელი მცველი კარბონი ესპანურ კლუბში 9 წელი ირჯებოდა და 348 თამაში ჩაატარა. სწორედ ამადეო იხსენებს:
„სამიდან ორ სეზონში ჩვენმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა ზამორას ჯილდო მოიგო (ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლისთვის). ყველას მოსწონს ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონატის მოგების მთავარი ინდიკატორი ყველაზე ცოტა გაშვებულ გოლია. ასეა ყველგან, არამხოლოდ იტალიაში. ბალანსი ეს იყო მთავარი, რაც თავდამსხმელებს თავისი საქმის შესრულებას უადვილებდა. ძალიან დინამიური ფლანგელები გვყავდა, მისტა ფორვარდის პოზიციაზე იყო, რომელსაც ზურგს ისეთი ხალხი უმაგრებდა, როგორებიც ვისენტე, ანგულო, რუფეტე და კილი იყვნენ“.
ბენიტესმა გუნდში არამარტო ტაქტიკა, არამედ მენტალიტეტიც შეცვალა, რის შესახებაც იმ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ხუან სანჩესი საუბრობს:
„ბენიტესმა 2001-2002 წლების სეზონში გვითხრა, რომ ლა ლიგაში გამარჯვების შანსი გაგვიჩნდა და გვეგონა, რომ გაგიჟდა. თუმცა, რეალურად გუნდი ყოველდღე საკუთარ თავში რწმუნდებოდა, ის ამტიცებდა, რომ შესანიშნავი მწვრთნელი იყო, რომელიც ჩვენთან მომზადებული მოვიდა და ყველა ჩვენგანს საუკეთესოს წარმოჩენაში დაეხმარა“.
ბენიტესმა „ვალენსიაში“ ჰექტორ რაულ კუპერის მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც „ინტერში“ წავიდა და ზედიზედ ორ სეზონში ყოფილი გუნდი და ბენიტესი დაამარცხა. ჯერ უეფას თასზე (2001-2002 წლების სეზონში), მერე ჩემპიონთა ლიგაზე (2002-2003 წლების სეზონში). ბენიტესის ვალენსიური კარიერა სულაც არ დაწყებულა დიდებულად, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის სადებიუტო თამაშში მადრიდის „რეალს“ მიგელ ანხელ ანგულოს გოლით აჯობა. შემდეგ იყო ჩავარდნა, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდა და რაფას უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებოდა. „ღამურებს“ 16 ტურში მხოლოდ 5 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული (9 ფრე, 2 წაგება), რაც ცხადია წარმატებულ შედეგად არ აღიქმებოდა.
ყველაფერი 2001 წლის 15 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც „ვალენსიამ“ ბარსელონაში“ „ესპანიოლს“ 3:2 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა. მეორე ნახევარში ფრანსისკო რუფეტეს დუბლმა და ადრიენ ილიეს გოლმა ბენიტესს სამსახური შეუნარჩუნა, ხოლო როგორც შემდგომ გაირკვა, „ვალენსიას“ ტიტულები მოუტანა. სწორედ ეს თამაში გამოდგა წყალგმაყოფი წარუმატებლობასა და წარმატებას შორის.
„ვთქვი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, რადგან ამის მჯეროდა. შევცვალეთ ფეხბურთელები, მაგრამ გავაგრძელეთ კარგად თამაში, გუნდში იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც ფეხბურთზე საუბარს ვარჯიშის შემდეგაც აგრძელებდნენ. ეს არის ის, რასაც დღეს ვეღარ ვამჩნევ ფეხბურთელებში“, - აღნიშნავს ბენიტესი.
ძველ „მონტჟუიკზე“ ქამ-ბექიდან გიოტებორგის საღამომდე, ბარსელონადან შვედეთამდე, ეს არის რაფა ბენიტესის ვალენსიური გზა. „ესპანიოლთან“ გარდამტეხი გამარჯვება და 2004 წლის გვიან გზაფხულზე გიოტებროგის ულევის სტადიონზე ფაბიენ ბარტეზისა და დიდიე დროგბას „მარსელთან“ მოგებული უეფას თასის ფინალი - უკეთესის წარმოდგენა არც შეიძლებოდა.
„ყოველთვის გვჯეროდა იმის, რასაც რაფა გადმოგვცემდა და საბოლოო წარმატებაც მოვიდა. გუნდში ყველა ფეხბურთელის როტაცია მნიშვნელოვანი იყო, არცერთი ჩვენგანი განაწყენებული არ რჩებოდა, როდესაც მწვრთნელი რამდენიმე თამაში სათადარიგო სკამზე გვტოვებდა, რადგან ყველა ჩვენგანი საერთო მიზანზე ვიყავით ორიენტირებული. იმ „ვალენსიაში“ ყველანი ვიყავით შემტევები და ამავდროულად ვიყავით მცველებიც. მსხვერპლის გაღება ჩვენი წარმატების საფუძველი იყო. პრიმადონად თავს არავინ გრძნობდა, 25 ფეხბურთელი ვიყავით ერთსა და იმავე დონეზე. ვიცოდით, რომ პროაქტიულ და შემტევ ფეხბურთს დაცვით ფაზაში ბალანსი სჭირდებოდა“, - ამბობს იმ ეპოქის „ვალენსიის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მიგელ ანხელ ანგულო.
უეფას თასის მოგების შემდეგ ბენიტესი „ლივერპულში“ გადავიდა (და, პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო - ავტ), „ვალენსიაში“ კი მისი ადგილი კლაუდიო რანიერიმ დაიკავა, რომელსაც XX საუკუნის მიწურულს „მესტალიაზე“ წარმატებით უკვე ემუშავა. რაფაელ ბენიტესის გულში კი „ვალენსია“ სამუდამოდ დარჩა და რაც მთავარია, თავად გახდა „მესტალიის“ პუბლიკის საყვარელი პერსონა.