საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმაოლიმპიურ მოძრაობას ღია წერილით, სახელად „ოლიმპიზმი და კორონა," მიმართა. თომას ბახი მასში საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგას IOC.
„კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კაცობრიობის საქმიანობის ყველა სფეროზე, მათ შორის მსოფლიო სპორტზე. მისმა გავრცელებამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლამდე გადავადებამდე მიგვიყვანა. 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ზაფხულის ოლიმპიური საერთაშორისო ფედერაციების, ასევე IOC-ის ათლეტთა კომისიის და ათლეტთა კონტინენტური კომისიების მიერ გამოვლენილი ერთობა ამ მეტად უჩვეულო ვითარებაში ოლიმპიური მოძრაობის ერთობის ბრწყინვალე გამოვლინებაა".
IOC-ის პრეზიდენტი ღია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ IOC ოლიმპიური თამაშების გადავადებისთვის საჭირო ხარჯების საკუთარ წილზე უარს არ ამბობს. თომას ბახი დარწმუნებულია, რომ დევიზი „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020" - „შეცვალე ან შეიცვალე" დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს:
„თუ შექმნილი ვითარებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ, ოლიმპიური მოძრაობა უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი გახდება. მრავალრიცხოვანი რეფორმების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო საკუთარ თავზე ავიღოთ ტოკიო-2020-ის გადავადებისთვის საჭირო ხარჯების წილი, არამედ შეგვიძლია ათლეტებისთვის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და საერთაშორისო ფედერაციებისთვის დახმარების გაგრძელებაც. უდაოა, რომ შექმნილ პერიოდში ახალ სირთულეებს შევეჯახებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ახალ გამოწვევებთან „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ის ადაპტირება."
თომას ბახი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ ამჟამინდელი ვითარება უდაოდ მიგვიყვანს ხანგრძლივ და ღრმა ეკონომიკურ კრიზისთან, რომლის გავლენაც სპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული იქნება.
გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ის პროგრამის რეფორმირება მიმართული იქნება მომავალი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების დასახმარებლად, დაზოგონ უფრო მეტი სახსრები.
აღსანიშნავია, რომ IOC კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის გაფორმებას აპირებს:
„პოსტ-კორონავირუსულ საზოგადოებაში მოსახლეობის ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სპორტი და ფიზიკური აქტივობა ამ სფეროში დიდ წვლილს შეიტანს. კორონავირუსის კრიზისი გვასწავლის, რომ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ინფექციური დაავადებების გადალახვაში გვეხმარება. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სპორტი და ფიზიკური აქტივობა ყველაზე იაფი იარაღია. ყოველივეს ხაზგასასმელად, IOC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმის გაფორმებას აპირებს."