ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველ დონი ვან დე ბეეკს ევროპული გრანდების რიგი დაუდგა. 23 წლის ნიდერლანდელი გასულ ზაფხულს ახლოს იყო მადრიდის „რეალთან“, მაგრამ გარიგება არ შედგა.
„სამეფო კლუბი“ ახლაც დაინტერესებულია, მაგრამ 50 მილიონი ევრო, რომელიც ფეხბურთელის ტრანსფერისთვის იყო გამოყოფილი, ახლა შესაძლოა გადაიხედოს, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ვან დე ბეეკს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსიც“ იწვევენ. ინგლისელებს ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერის შემდეგ ნახევარდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება აქვთ განზრახული, ხოლო ტურინელები ასევე ეძებენ მაღალი დონის შუახაზელს, თუმცა მათი მთავარი სამიზნე ჯერ კიდევ პოლ პოგბაა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ვან დე ბეეკი „აიაქსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 175 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გატანილი.