იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ახალ პროფესიას „დაეუფლა“ და ჟურნალისტობა შეითავსა. „ბობო“ ყოველდღე ინსტაგრამში ყოფილ თანაგუნდელებს ესაუბრება და კითხვებით ანებივრებს.
ვიერის ჟურნალისტურ მოღვაწეობას მაყურებელი არ აკლია, 30, 35, 40 ათასი მაყურებელი მისი ლაივებისთვის უკვე ჩვეულებრიობად იქცა. იტალიელმა გუშინ კიდევ ერთი სახელგანთქმული თანამემამულე და ყოფილი თანაგუნდელი იტალიის ნაკრებიდან „ლაციოდან“ და „მილანიდან“, ახლა კი "ფროზინონეს" მთავარი მწვრთნელი ალესანდრო ნესტა მიიწვია, რომელსაც განვლილი გზის შესახებ ესაუბრა.
ლეგენდარულმა მცველმა, რომელმაც ფეხბურთში დიდი ეპოქა შექმნა, ვიერის კითხვებზე გულწრფელი პასუხები გასცა.
ფეხბურთიდან წასვლა
საშინლად ცუდად ვიყავი, ექვსი თვის შემდეგ კრიზისი დამეწყო, ჩემს მეუღლეს მეტის ატანა აღარ შეეძლო. ორ წელიწადში მარკო მატერაციმ დამირეკა და ინდოეთში წასვლა შემომთავაზა, მაშინვე ჩემოდანი ჩავალაგე. ახლა მწვრთნელობის დროს ვარჯიშის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ თამაში მაინც თამაშია. ჩვენ მწვრთნელები ვართ, მაგრამ ფეხბურთელებად დავიბადეთ. თუ თამაშობ, მხოლოდ იმას აკეთებ რაც მოგწონს, თუ ავარჯიშებ, ენერგია ბევრ სხვა რამეზეც უნდა დახარჯო. „ფროზინონეში“ ძლიერი გუნდი მყავს და იმედი გვაქვს სეზონი განახლდება, რომ სერია A-ში გადავიდეთ.
მთელი კარიერის „ლაციოში“ გატარების შესაძლებლობა
იმ დროს ვფიქრობდი, რომ გუნდს არასდროს დავტოვებდი. მაგრამ შემდეგ „მილანში“ ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. მახსოვს, რომ „ლაციოს“ დატოვებამდე ორი წლით ადრე „რეალს“ ვეთამაშებოდით და ფერნანდო იერომ მითხრა: „რეალში“ უნდა მოხვიდე“. თუმცა, მე ვუპასუხე: „არა, მე „ლაციო“ ვარ!“ მოგვიანებით კი „მილანმა“ საშუალება მომცა მაღალ დონეზე ავსულიყავი. „ლაციოში“ შესანიშნავი წლები გავატარე, მაგრამ ბოლო წელი მართლაც ურთულესი აღმოჩნდა. გუნდის კაპიტანი ვიყავი, ასევე ვიყავი დირექტორთა საბჭოში და ხელმძღვანელების შეხვედრებზე დავდიოდი, თუმცა ვერაფერს ვიგებდი. ეს ყველაფერი ძალიან სტრესული გახდა, ჩემი თანაგუნდელები ხელფასს მე მთხოვდნენ („ლაციოს“ მწვავე ფინანსური კრიზის ჰქონდა და ნესტაც ამიტომ გაყიდეს - რედ). უცხოელი ფეხბურთელების მშურდა, რადგან მიმდინარე მოვლენები დიდად არ აღელვებდათ. ამ ყველაფრის შემდეგ „მილანში“ გადასვლა გათავისულფება იყო, საშუალება მომეცა მხოლოდ ფეხბურთზე მეფიქრა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 100%-ით ჩემად დღემდე ვერ აღვიქვამ და ვერ ვგრძნობ. გამიმართლა, რომ დიდ გუნდებში ვითამაშე და დიდი გამარჯვებები მოვიპოვე, მაგრამ როდესაც გადამწყვეტ მატჩებში ვთამაშობდი, გამარჯვების გემოს ასე უფრო ვგრძნობდი. 2006 წლის მუნდიალზე კი ასე არ ყოფილა, მხოლოდ საწყისი ორი თამაში ჩავატარე (ნესტამ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო და ტურნირის ბოლომდე იუქმა - რედ), ხოლო ყველაზე გადამწყვეტი თამაშები გერმანიასთან და საფრანგეთთან გვქონდა, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ, იმ გამარჯვების გემო ბოლომდე ვერ გავიგე.
უცხოეთში მუშაობა
მე უკვე ვწვრთნიდი „მაიამის“, არაჩვეულებრივი წლები იყო. გუნდში მყავდა კუბელები, რომლებიც კუბადან გაქცეულები იყვნენ. იქ წელიწადნახევარი გავატარე და ეს არის სრულიად სხვა სამყარო იტალიისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი უფრო რთულადაა.
ყველაზე ცუდი მოგონება
ერთი თამაში, რომელიც ყველაზე ცუდად მახსენდება? ერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ასეთი სამი მატჩი მაქვს. პირველი რომაული დერბი, რომელშიც ნამდვილი ტანჯვა განვიცადე („რომამ“ 5:1 მოუგო „ლაციოს“ და ვინჩენცო მონტელამ პოკერი შეასრულა, ნესტას კი საშინელი თამაში ჰქონდა - რედ). მეორე ევრო 2000-ის ფინალი საფრანგეთთან, რომლის გამო თვეების განმავლობაში დაძინება მიჭირდა, ეს იყო დაუჯერებელი წაგება, წამებით ადრე. მესამე სტამბოლის ფინალი, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ვიგებდით. დარწმუნებული ვარ, ხვალ დილით საწოლიდან რომ წამოვდგები, ეს თამაში ისევ გამახსენდება.