იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა (2006 წელს) ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ „ინტერში“ თამაშის დროს იტანჯებოდა.
ამიტომ, იტალიელი 30-31 წლის ასაკში კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა, რადგან მილანურ გუნდში ძალიან რთული პერიოდი გამოიარა.
„ნაპოლიდან“ წასვლა
ძალიან ადრე წამოვედი. ხელმძღვანელობას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ახლაც მახსოვს, რომ ფერლაინომ („ნაპოლის“ მაშინდელი პრეზიდენტი - რედ) დამირეკა და მითხრა, რომ „პარმას“ წინადადებას თუ არ მივიღებდი, რის უარზეც ვიყავი, „ნაპოლი“ მეორე დღეს გაკოტრდებოდა. ეს პასუხისმგებლობა დამაკისრა და უნდა მიმეღო „პარმას“ წინადადება. „პარმაში“ 7 ფანტასტიკური წელი გავატარე და კმაყოფილი ვიყავი. ეს იყო განსაკუთრებული ბავშვების გუნდი, რომელიც ფეხბურთით სიამოვნებას ღებულობდა.
„ინტერის“ გამოცდილება - ყველაზე რთული პერიოდი კარიერაში
„ინტერში“ ძალიან ვიტანჯებოდი, საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი. თითქმის წელიწადნახევარი მოტეხილობით ვითამაშე, რაც თავს მუდმივად მახსენებდა, როდესაც ფეხს მიწაზე ვდებდი. უნდა გავჩერებულიყავი, ტრავმირებული არ უნდა მეთამაშა და შეცდომა დავუშვი. არასდროს დამავიწყდება პირველი მატჩი „სან სიროზე“, როდესაც კუპერმა თადარიგში დამტოვა და როდესაც შეცვლაზე შევედი იქაურობა დაინგრა. მორატიმ მითხრა, რომ ასეთი რამ მხოლოდ რონალდოს მოედანზე გასვლის მომენტში ჰქონდა ნანახი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინი იყო. მანამდე 7 წელი „პარმაში“ მქონდა გატარებული, უკვე ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვიყავი. მოგვიანებით ინდივიდუალურად მზადება დავიწყე, მაგრამ ამდენი ტანჯვის შემდეგ მითხრეს, რომ „იუვენტუსში“ მყიდიდნენ.
„იუვენტუსში“ ჩამორთმეული ორი სკუდეტო
„იუვეში“ მთავარი სინანული ისაა, რომ იმ ორ სეზონში საშიში და ძალიან ძლიერი გუნდი გვაყვდა, მაგრამ ჩემპიონის ტიტულები წაგვართვეს. ვერ ვისიამოვნეთ ორი სკუდეტოთი, რომელიც მოედანზე დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით, საოცარი შემადგენლობა გვყავდა და შემდეგ რაც მოხდა, არავის სჯეროდა, მათ შორის პირველი მე ვიყავი.
ტურინიდან წასვლა და დაბრუნება
ზოგჯერ საქმეები ისე არ მიდის, როგორც თავად გინდა. იმ მომენტში „იუვეს“ უნდა გაეყიდა მნიშვნელოვანი ხელფასის ფეხბურთელები და რამდენიმე მოთამაშის გასხვისება მოუწია. მათ მე და ემერსონი „რეალში“, ტურამი და ძამბროტა „ბარსელონაში“, იბრაჰიმოვიჩი და ვიეირა „ინტერში“ გაყიდეს. ისინი, ვინც სერია B-ში დარჩნენ, განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვეს, სწორედ მათ დააბრუნეს „იუვე“ იქ, სადაც მისი ადგილია. როდესაც „იუვენტუში“ სათამაშოდ მიდიხარ, ხვდები განსხვავებას ფეხბურთსა და გამარჯვებას შორის და ეს ყველაზე ნათელი წლებია.
შეგახსენებთ, ფაბიო კანავარო „ნაპოლიში“ 1995 წლამდე თამაშობდა, შემდეგ „პარმას“ მიაშურა, საიდანაც „ინტერში“ 2002-2004 და „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში ითამაშა. 2006-2009 წლებში უკვე მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2009-2010 წლების სეზონი ისევ „იუვენტუსში“ გაატარა.