სამხრეთ კორეაში საფეხბურთო სეზონი 8 მაისს დაიწყება. ამის შესხებ ოფიციალურად გამოაცხადეს. K ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური სტარტს 8 მაისს ერთი თამაშით აიღებს, ხოლო დანარჩენი მატჩები 9-10 მაისს ჩატარდება.
სამხრეთ კორეაში სეზონი ჯერ კიდევ 29 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო სტარტის იძულებით გადადება მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ უკვე გაიმართა საჩვენებელი თამაში „ინჩხონ იუნაიტედსა“ და „სუვონს“ შორის, სადაც სათადარიგო სკამზე ფეხბურთელებსა და დანარჩენ პერსონალს მთელი თამაში ხელთათმანები და ნიღბები ეკეთათ. გარდა ამისა, ყოველი წყლის ბოთლს კონკრეტული მოთამაშის სახელი ეწერა, ასე, რომ ყველას საკუთარი წყლის ბოთლი ჰქონდა. მატჩის შემდეგ ინტერვიუები კი მედიის წარმომადგენლებთან 2 მეტრის დაშორებით ჩაიწერა.
რა თქმა უნდა, მატჩები დახურულ კარს მიღმა უმაყურებლოდ გაიმართება, რადგან სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები მართალია დაბალი მაჩვენებლით, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქსირდება.