ფეხბურთი

11:22 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ფორუმები და ბოლო ტურის შეთქმულებები

ბოლო ტურის შეთქმულებები - ასეთია დღეს ჩვენი წერილი სათაური და გავიხსენებთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან რამდენიმე შეხვედრას, რომლებიც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შედგა.

რატომ შეთქმულება? მატჩებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, დღემდე დიდი ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგები მასში მონაწილე გუნდებს აძლევდათ ხელს.

დასავლეთ გერმანია - აღმოსავლეთ გერმანია 0:1 (1974 წლის მუნდიალი, პირველი ჯგუფური ეტაპი)

ისინი ამას არასდროს აღიარებენ, მაგრამ ეს თამაში დღემდე დიდ ეჭვს იწვევს. 22 ივნისს, ჰამბურგში ტურნირის მასპინძელი დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე, იურგენ სპარვაზერმა ერთადერთი გოლი გაიტანა და აღმოსავლეთ გერმანიამ იმარჯვა, შედეგად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

რომ არა ეს გოლი, დასავლეთ გერმანია ჯგუფში იპირველებდა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე ისეთ ძლიერ მეტოქეებს შეხვდებოდა, როგორებიც ბრაზილია, არგენტინა და ჰოლანდია იყვნენ, მაგრამ ამ წაგებით რადიკალურად განსხვავებულ ჯგუფში მოხვდა პოლონეთთან, შვედეთთან და იუგოსლავიასთან ერთად, საიდანაც ფინალში გავიდა და იოჰან კრუიფის ჰოლანდიასაც აჯობა.

არგენტინა - პერუ 6:0 (1978 წლის მუნდიალი, მეორე ჯგუფური ეტაპი)

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს თამაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. 21 ივნისს, მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინა პერუს დაუპირისპირდა. წინა დღეს უკვე ნათამაშები ჰქონდა „ალბისელესტეს“ მთავარ კონკურენტ ბრაზილიას, რომელმაც პოლონეთი 3:1 დაამარცხა, შესაბამისად, არგენტინას პერუსთან მინიმუმ 4:0 გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ფინალში გასულიყო. სხვა შემთხვევაში ფინალის საგზური ბრაზილიას დარჩებოდა.

არგენტინამ დასახული ამოცანა შეასრულა და პერუ 6:0 გაანადგურა. საინტერესოა ის დეტალი, რომ იმ დღეს პერუელთა მეკარე ნატურალიზებული არგენტინელი რამონ კიროგა იყო, რომელიც სწორედ როსარიოში გახლდათ დაბადებული. ამ თამაშის ბევრმა მონაწილემ წლების შემდეგ აღიარა, რომ თამაში „გენერლების“ რეჟიმმა იყიდეს.

დასავლეთ გერმანია - ავსტრია 1:0 (1982 წლის მუნდიალი, პირველი ჯგუფური ეტაპი)

არგენტინა - პერუდან ოთხი წლის შემდეგ „უმსგავსობა ხიხონში“ უნდა გავიხსენოთ. 1982 წლის მუნდიალის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ხიხონში, 25 ივნისს, დასავლეთ გერმანია ავსტრიას გაეჯიბრა. ამოცანა ცხადი იყო: თუ შეხვედრას დასავლეთ გერმანია 1:0-ს ან 2:0-ს მოიგებდა, მეორე ჯგუფურ ეტაპზე თავადაც გავიდოდა და ავსტრიაც, ხოლო დანარჩენი ნებისმიერი შედეგი ერთ-ერთს ჯგუფში ჩატოვებდა (გააჩნდა შედეგს, ფრე მხოლოდ ავსტრიას აძლევდა ხელს, სამი ან მეტი ბურთით მოგება მხოლოდ დასავლეთ გერმანიას) და მეორე გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდოდა ალჟირი იყო, რომელმაც პირველ ტურში დასავლეთ გერმანიას სძლია და მესამე ტურის თამაშიც წინა დღეს ჩაეტარებინა.

ხიხონში ანგარიში მე-10 წუთზე ჰორსტ ხრუბეშმა გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში წინ იყო, არაფერი შეცვლილა. 80 წუთი გუნდებმა ბურთის უსიცოცხლო გორაობაში გაატარეს და ორივესთვის სასურველი შედეგი, 1:0 გერმანელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა. ასეთი გარჯით ყველა უკმაყოფილო იყო და ერთ-ერთმა გერმანელმა ქომაგმა საკუთარი ქვეყნის დროშაც დაწვა. ალჟირელებმა თამაშის შედეგიც გააპროტესტეს, მაგრამ ვერაფერს გამორჩნენ. თუმცა, ფიფა ამ თამაშმა მაინც დააფიქრა და მომდევნო მუნდიალიდან ბოლო ტურის მატჩები პარალელურად ჩანიშნა და ეს დღემდე მიღებული პრაქტიკაა.

არგენტინა - რუმინეთი 1:1 (1990 წლის მუნდიალი, ჯგუფური ეტაპი)

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინამ 1990 წელს ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და გახსნის მატჩში კამერუნთან ომამ-ბიიკის გოლით 0:1 წააგო. თუმცა, მეორე ტურში საბჭოთა კავშირს 2:0 აჯობა და ფეხზე წამოდგა. ბოლო ტურში 18 ივნისს არგენტინა ნეაპოლში რუმინეთს ხვდებოდა. ორივე გუნდმა კარგად იცოდა, რომ ფრის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ, პარალელურად, კამერუნი - საბჭოთა კავშირის მატჩის შედეგის მიუხედავად.

შემთხვევითობა ნაკლებადაა, რომ „სან პაოლოზე“ გამართული თამაში მართლაც ფრედ დასრულდა. პედრო დამიან მონსონის 62-ე წუთზე გატანილი გოლი ზუსტად 6 წუთში გავრილ ბალინცმა გაქვითა და თამაშიც ასე დასრულდა. პარალელურად საბჭოთა კავშირმა კამერუნი, რომელსაც უკვე მოპოვებული ჰქონდა მერვედფინალის საგზური, 4:0 გაანადგურა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. სხვათა შორის, ესეც შეთქმულებას გავდა, ოღონდ გამოუსადეგარს, რადგან საბჭოთა კავშირი ასეთი ანგარიშის გამარჯვების მიუხედავად, არგენტინა - რუმინეთის შედეგმა ჯგუფში ჩატოვა. ახლა, შესაძლოა ახალი თაობის ქომაგმა იკითხოს, ჯგუფიდან სამი გუნდი როგორ გავიდაო (კამერუნი, რუმინეთი, არგენტინა), მაგრამ მაშინ მესამე ადგილიც პლეი-ოფის საგზურის მომტანი იყო.

ბრაზილია - ნორვეგია 1:2 (1998 წლის მუნდიალი, ჯგუფური ეტაპი)

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიისგან ცუდი საჩუქარი არ იყო. მესამე ტურის წინ ბრაზილიას მერვედფინალის საგზური ჯიბეში ედო, ხოლო ნორვეგია ორი ფრით იწონებდა თავს, მაგრამ "სელესაოსთან" მხოლოდ 3 ქულა გაუმაგრებდა ზურგს.

23 ივნისს, მარსელში, უმოტივაციო ბრაზილია 76-ე წუთზე ბებეტომ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ მარიო ზაგალოს გუნდი გაჩერდა, 83-ე წუთზე ტორე ანდრე ფლოსგან გაუშვა, ხოლო 89-ე წუთზე კიეტილ რეკდალმა საეჭვო ვითარებაში დანიშნული პენალტით ნორვეგია მერვედფინალში გაიყვანა, სადაც იტალიასთან წააგო. ჯგუფში მაროკოს ნაკრები ჩარჩა, რომელსაც ბოლო ტურში შოტლანდიის 3:0 განადგურება არაფერში წაადგა.

შვედეთი - დანია 2:2 (ევრო 2004, ჯგუფური ეტაპი)

ჩვენს ჩამონათვალში ერთადერთი მატჩი მოხვდა ევროპის ჩემპიონატებიდან. პორტუგალიაში სკანდინავიამ იტალია ჩაძირა. C ჯგუფის ბოლო ტურში შვედეთი და დანია ერთმანეთს ხვდებდნენ, ხოლო იტალია აუტსაიდერ ბულგარეთს ეთამაშებოდა. თუ სკანდიანვიური დერბი 2:2 ან უფრო შედეგიანი ფრით დასრულდებოდა, იტალიას ბულგარეთი სულაც 10:0 რომ გაენადგურებინა, პლეი-ოფში დანია და შვედეთი გავიდოდნენ.

22 ივნისს, გიმარაეშში იტალიამ ბულგარეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო პარალელურად პორტუში შვედეთი - დანიას ორივეთვის მისაღები ანგარიშით დაუზავდა - 2:2. დანია იონ დალ ტომასონის გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ ჯერ ჰენრიკ ლაროსნამ 47-ე, ხოლო მეორედ, რამაც ყველაფერი გადაწყვიტა, მატიას იონსონმა 89-ე წუთზე გაათანაბრა და იტალია ჯგუფში ჩატოვა. საბოლოოდ, სამივე გუნდმა 5-5 ქულა დააგროვეს და ბულგარეთთან მიღებული შედეგები მხვედველობაში აღარ მიიღებოდა. დაითვალა ურთიერთშეხვედრების შედეგები, სადაც სამივე ჯერზე ფრე დაფიქსირდა. თუმცა ყველაზე შედეგიანი ფრე სწორედ დანია - შვედეთი იყო 2:2 (იტალია - დანია 0:0, შვედეთი - იტალია 1:1) და ამიტომ, სკანდინავიელებმა ასპარეზობა პლეი-ოფში განაგრძეს. არადა, იმ დღეს შვედეთის ან დანიის გამარჯვება იტალიას მეოთხედფინალში გაიყვანდა, თუმცა გუნდებმა ის 2:2 ითამაშეს, რაც თამაშის წინაც იცოდნენ, რომ ორივესთვის მისაღები იქნებოდა.

0.11474