ინსტაგრამში ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდების ფაბიო კანავაროსა და ბრაზილიელი რონალდოს ლაივი შედგა. იტალიელი სამხრეთ ამერიკელს დაუკავშირდა და ძველი დრო გაიხსენეს.
კანავარომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს შედეგების მიუხედავად, ხალხი დღემდე ნამდვილ ფენომენად ბრაზილიელ რონალდოს იხსენიებს:
„ჩვენი თაობის ბევრ ძლიერ ფეხბურთელთან ვითამაშე, მაგრამ შენ ყველაზე ძლიერი იყავი და რთული იყო შენს წინააღმდეგ თამაში. იტალიაში ბევრი იყო ძლიერი, მაგრამ როცა შენს წინააღმდეგ თამაში მიწევდა, პირჯვარს ვიწერდი. საუბარია კრიშტიანუ რონალდუს შესახებ და იმის მიუხედავად, რაც მან ამ წლებში გააკეთა, ხალხი ამბობს, რომ ნამდვილი ფენომენი შენ ხარ.
მარადონას გვერდით ნათამაშები მაქვს და მისი გაჩერება აბსურდული იყო, შენს შემთხვევაში კი, მხოლოდ მეტოქის რანგში მაქვს ნათამაშები. 1997 წელს ჩეზარე მალდინის სურდა გაეგო იყავი თუ არა ნამდვილად ფენომენი და თამაშის შემდეგ (იტალია - ბრაზილიის მატჩი 1997 წელს) მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მართლაც ასე იყო“, - უთხრა ფაბიომ რონალდოს.
ცხადია, ბრაზილიელმა ფენომენმაც გაიხსენა განვლილი კარიერა და ოთხი მცველი დაასახელა, რომელთა წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა.
„რონალდუს გოლები სტაბილურად გააქვს, ფეხბურთის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მესისთან ერთად.
1997 წელს იტალიასთან მატჩის შემდეგ ჩემი მომავალი გაურკვეველი იყო. „ინტერთან“ კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა და „ბარსელონაში“ დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა უკან დაიხია, „ინტერს“ ჩემი გადაბირება ძალიან უნდოდა და ასე დაიწყო ჩემი იტალიური კარიერა.
ვის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში? ბევრი ძლიერი მცველის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ შენ (კანავარო), პაოლო მალდინი, ლილიან ტურამი და მარსელ დესაი საუკეთესოები იყავით.
კუპერი? მახსოვს, რომ ყოველდღე ტყეში 3-4 კილომეტრს გვარბენინებდა. არ ვიცი ამ სასჯელს რა მიზეზით იყენებდა, მაგრამ საშინელება იყო“, - თქვა რონალდომ.