ფეხბურთი

19:22 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო" - არგენტინელი მეკარე ფეხბურთიდან კარიერის ზენიტში რელიგიის გამო წავიდა

არგენტინის ნაკრების მეკარის, კარლოს როას ისტორია ძალიან უცნაურია. სამხრეთ ამერიკელს 1999 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევდა ლეგენდარული პეტერ შმეიხელის შესაცვლელად და კონტრაქტიც მზად იყო.

როა მაშინ ესპანურ „მალიორკაში“ თამაშობდა, მხოლოდ 30 წლის გახლდათ და კარიერის საუკეთესო წლები ედგა. თუმცა, არგენტინელი ძალიან რელიგიური ადამიანი იყო და ინგლისში გადაბარგებაზე უარი თქვა.

კარლოს როას სჯეროდა, რომ 2000 წელს სამყაროს დასასრული იქნებოდა და სურდა ზეციური ცხოვრებისთვის მომზადებულიყო. ამიტომ, არათუ „მანჩესტერი“ გაისტუმრა უარით, არამედ საერთოდ კარიერა დაასრულა. მოგვიანებით, როდესაც 2000 წელს სამყაროს დასასრული არ დადგა, როამ კარიერა განაახლა, მაგრამ ძველი სიმააღლები ვეღარ დაიპყრო.

არგენტინელი ბრიტანულ მედიასთან 20 წლის წინანდელს იხსენებს და დღესაც არ ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მაშინ ძალიან რელიგიური გახლდით და ბიბლიის შესწავლით ვიყავი დაკავებული. ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ ასევე ძალიან დამაფიქრებელი. ჩემი ოჯახი დამეთანხმა. ისეთი რამ მოხდა, რაც ჯერ არავინ იცის, რადგან ძალიან პირადულია, ამაზე მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებთან ვსაუბრობ.

ჩემი კლუბი ფიქრობდა, რომ ჩემი ტრანსფერით დიდ თანხას გამოიმუშავებდა. დღესაც ვფიქრობ, რომ სულიერ დონეზე ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ასე არ ყოფილა, რადგან ფეხბურთი ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტში დავტოვე. ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მქონდა შანსი შესანიშნავ კონტრაქტზე ხელი მომეწერა და ინგლისში მეთამაშა.

ხალხი ამას ვერასდროს გაიგებს, ხალხს გიჟი ვეგონე, მირეკავდნენ და რამდენჯერაც გადაწყვეტილების ახსნა ვცადე, მათთვის ყოველთვის რთული იყო ამის გაგება“, - თქვა როამ.

0.115507