ფეხბურთი

10:41 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

XXI საუკუნის ყველაზე დიდი და სამარცხვინო ქურდობა

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ისტორიაში პირველი იყო, რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. მანამდე, ორი წლით ადრე, ევროპის ჩემპიონატსაც მეზობლებმა, ბელგიამ და ჰოლანდიამ უმასპინძლეს და დავალებას თავი მშვენივრად გაართვეს.

მუნდიალზე კი ორი მასპინძელი პირველად XXI საუკუნის სტარტზე ვიხილეთ. ვერ ვიტყვით, რომ აზიელებმა ორგანიზაციის თვალსაზრისით რამე დააკლეს, მეტიც, ულტრათანამედროვე სტადიონები დაახვედრებს მთელ მსოფლიოს, თუმცა ეს ჩემპიონატი ძალზე სკანდალური გამოდგა.

თავიდან ვთქვათ, რომ ჩემპიონატი ბევრი სენსაციით გამოირჩა. ტურნირის მთავარი ფავორიტი საფრანგეთი ჯგუფში ისე ჩარჩა, რომ გოლიც ვერ გაიტანა, ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლიეს სხვა ფავორიტებმა, არგენტინამ და პორტუგალიამ. კიდევ ერთი ულტრაფავორიტი, ვარსკვლავებით გაძეძგილი იტალიის ნაკრების მაქსიმუმი კი მერვედფინალი გამოდგა. ცხადია, ყველა ზემოხსენებულ ნაკრებს პრობლემა ჰქონდათ და მუნდიალს საუკეთესო კონდიციებში ნამდვილად არ შეხვედრიან, მაგრამ ახლა მაინც უნდა გავიხსენოთ XXI საუკუნის ყველაზე დიდი საფეხბურთო უსამართლობა და პირდაპირ რომ ვთქვათ - ქურდობა!

როგორც უკვე ვთქვით, იაპონიასთან ერთად თანამასპინძელი სამხრეთ კორეა იყო. ნებსით თუ უნებლიედ, იაპონიის ნაკრებს მეტად სუსტი, უსუსური ჯგუფი ერგო. წილისყრამ „გადაწყვიტა“, რომ ფილიპ ტრუსიეს გუნდს ტუნისის, რუსეთისა და ბელგიის (დღევანდელი ბელგია არ გეგონოთ, აჩრდილი იყო ამჟამინდელი გუნდის) ნაკრებებთან უნდა ეთამაშა. გათვლამ გაამართლა და იაპონია ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ მერვედფინალში თურქეთს გადაეყარა და დამარცხდა. შედეგად, ტურნირს გამოეთიშა. იაპონიის ამბავში სკანდალური არც არაფერია, ბევრი მასპინძელი გვინახავს, ადვილ ჯგუფში და ადვილ ბადეში, ასეთია დაუწერელი კანონი.

მეორე მასპინძელის, სამხრეთ კორეის ნაკრების თავგადასავალი უფრო საინტერესო და ხმაურიანია. კორეელებმა მუნდიალამდე გამოცდილი გუუს ჰიდინკი მიიწვიეს, რომელმაც გუნდს ხელი ნამდვილად დაატყო. სამხრეთ კორეა დაბალი დონის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ დაუღალავი ენერგიის ხარჯზე გაუთავებელ აგრესიულ პრესინგს თამაშობდა და ამას შედეგიც მოჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჰიდინკის მაღალი კვალიფიკაციისა, მაყურებლის ფაქტორისა, ძნელად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეას ის მოეხერხებინა, რაც მოახერხა, რომ არა - მსაჯები.

ყველაფერი მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩით დაიწყო. პორტუგალიას იმხანად საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ლუიშ ფიგუ ჰყავდა, მას გვერდს მანუელ რუი კოშტა, პედრო პაულეტა და სხვა ვარსკვლავები უმაგრებდნენ.

იმ თამაშის ბედზე ორივე გუნდი იყო დამოკიდებული. სამხრეთ კორეას 4 ქულა ჰქონდა, პორტუგალიას 3 და პარალელურად საქმეში აშშ-ს ნაკრებიც იყო, რომელსაც ასევე 4 ქულა უმაგრებდა ზურგს. მოკლედ, დამარცხება სახლში წასვლას (ან სახლში დარჩენას) ნიშნავდა.

14 ივნისს, ინჩხონში გამართული მატჩი სამხრეთ კორეის ნაკრებმა მომავალში „მანჩესტერში“ სახელგანთქმული ჯი სუნ პარკის კინკილა გოლით მოიგო, ჯგუფში იპირველა, ხოლო ფიგუ და კომპანია აზიას ნაადრევად დაემშვიდობა. პორტუგალიამ არამარტო ის თამაში, არამედ მთელი ჯგუფური ეტაპი საშინლად ჩაატარა, მაგრამ არის სხვა გარემოებაც: სამხრეთ კორეასთან ანტონიო ოლივეირას გუნდს ორი ფეხბურთელი გაუძევეს. 27-ე წუთზე ჟოაო პინტო, რომელმაც მოედნის ცენტრში იუხეშა და არგენტინელმა ანხელ სანჩესმა უმალვე წითელი ბარათი აუფრიალა. 66-ე წუთზე კი, მოედანი ბეტოს დაატოვებინა, რომელიც ორჯერ გააფრთხილა. მასპინძლებმა სწორედ ამის შემდეგ ორი მოთამაშის უპირატესობის მიღების მერე შეძლეს ვიტორ ბაიას კარში გატანა.

თუმცა, ეს ჟურნალი იყო და კინო წინ გველოდა. მერვედფინალში ტედჟონში კორეა იტალიის ნაკრებს დაუხვდა. „სკუადრა აძურამ“ ჯგუფური ეტაპი მისთვის დამახასიათებლად მძიმედ გაიარა, მაგრამ მერვედფინალში აშკარა ფავორიტი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა 18 ივნისს, იმ კონკრეტულ საღამოს, თუმცა, განგებას უკვე ყველაფერი დაწერილი ჰქონდა.

შეხვედრას ეკვადორელი მსაჯი ბაირონ მორენო სჯიდა. მორენომ თავიდანვე გამოავლინა მკაცრი ხასიათი, მაგრამ მხოლოდ იტალიელთა საწინააღმდეგოდ. უკვე მე-4 წუთზე ფრანჩესკო კოკო გააყვითლა. ვისაც ყვითელი ბარათი უმნიშვნელო დეტალი ჰგონია, მითუმეტეს, როცა თამაში 4 წუთის დაწყებულია, ცდება. მეხუთე წუთზე კი იტალიელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონმა მოიგერია. მორენო აგრძელებდა იტალიელებზე ზეწოლას, მაგრამ იქამდე კრისტიან ვიერიმ გაიტანა და ანგარიში გახსნა. ამ შეხვედრაში ბევრი საეჭვო რამ მოხდა: მაგალითად ჯანლუკა ძამბროტას წინააღმდეგ მეორე ტაიმში კორეელმა ფეხბურთელმა ძალიან იუხეშა, არაა გამორიცხული წითელი ბარათიც ეკუთვნოდა, მაგრამ მორენომ ის არც გააფრთხილა, იტალიელმა კი თამაში საერთოდ ვერ გააგრძელა. წვრილმანი ჯარიმები და მასპინძელთა ბინძური თამაში ეკვადორელმა არაერთხელ გაატარა. მაგალითად, მაშინ, როდესაც ფრანჩესკო ტოტი საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს, მაგრამ პატივცემული ბაირონი შეუვალი იყო. ან მაშინ, როდესაც იტალიელთა საჯარიმოში პაოლო მალდინის თავში სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა ისეთი ამოსცხო, ალბათ იმ დღეს ბურთზე არ დაურტყამს ისე გემრიელად, მაგრამ აბა ამას მსაჯი როგორ შენიშნავდა? მატჩის მიწურულს კი კი-ჰეონ სეოლმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

103-ე წუთზე ტოტი საჯარიმოში წაიქცა, წაიქცა მორენოს აზრით, ისე კი წააქციეს და ამას არაერთი გამეორება ცხადჰყოფს, პენალტი გარდაუვალი იყო. მორენომ კი იტალიელი შემტევი სიმულაციისთვის გააფრთხილა. ვინაიდან იგივე ტოტი 22-ე წუთზე უკვე გაყვითლებული გახლდათ, გააძევა და იმის ნაცვლად, რომ იტალიას პენალტით ოქროს გოლის გატანის შანსი ჰქონოდა, კაცნაკლული დარჩა. ამასობაში სათადარიგო სკამზე ტემპერამენტიანი ჯოვანი ტრაპატონი ბოლთას სცემდა, ბოთლების სროლა და ხელების ბრახუნი ფიფას დელეგატების კაბინასთან ჩვეული მოვლენა იყო, მაგრამ ისინი უსინდისოდ მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ - აბა, ჩვენ რა შუაში ვართო... თითქოს ერთი თამაშისთვის მეტისმეტიც მოვყევით, მაგრამ მეორე დამატებით დროში იტალიამ მაინც მოახერხა ოქროს გოლის გატანა, დამიანო ტომაზიმ ცარიელ კარში შეძლო ბურთის გადაგზავნა, თამაშგარე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა იყო კიდეც, მაგრამ მთლად თავს ვერ დავდებთ, საკამათო მომენტია. სხვათა შორის, ამ ჩემპიონატზე იტალიას 4 მატჩში 5 გოლი არ ჩაუთვალეს და აქედან 3 სრულიად უსამართლოდ, ერთი კი, სწორედ ტომაზის გოლი, სადაოა. საბოლოოდ, მორენოს დიდმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და პენალტების სერიამდე 3 წუთით ადრე პაოლო მალდინის ან იუნ-ჰვანმა დაასწრო და ოქროს გოლით თამაში დაასრულა. ბაირონ მორენომ კი სამუდამოდ გაითქვა სახელი, როგორც საუკუნის ქურდობის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა. სხვათა შორის, ამ მატჩიდან 8 წლის შემდეგ პატივცემული ბაირონ მორენო ნიუ-იორკში ნარკოტიკების გადატანის გამო დააკავეს. ეს ყველაფერი კარგად მეტყველებს მის სუფთა სინდისზე... ამ ამბავზე ჯიჯი ბუფონსა და კრისტიან პანუჩის ასეთი რეაქცია ჰქონდათ:

„6 კილო ნარკოტიკი? ვფიქრობ, რომ 2002 წელს ექვსი კილო ნარკოტიკი ტანსაცმელში არ ჰქონდა დამალული, არამედ ეს დოზა მიღებული ჰქონდა“, - ბუფონი.

„ის ყაჩაღია, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდაში ამხილეს. შეხედეთ მაშინდელ ფოტოებს, ალბათ იმ დროსაც ნარკოტიკებით ერთობოდა, მან ჩვენი ნაკრები დაასამარა“, - პანუჩი.

სამხრეთ კორეა მეოთხედფინალში გაიყვანეს, სადაც კიდევ ერთი რთული გამოცდია ელოდა, რომელმაც „შპარგალკის“ გარეშე ნამდვილად ვერ ჩააბარებდა. გამომცდელი ესპანეთის ნაკრები იყო, ძალიან კარგი და მზარდი გუნდი.

22 ივნისს კვანჯუში იგივე სცენარი ვიხილეთ, თუმცა ამჯერად სადაო „მხოლოდ“ ორი მომენტი იყო, ორი არჩათვლილი გოლი. ჯერ ძირითად დროში, როდესაც რუბენ ბარახამ გაიტანა, მაგრამ ეგვიპტელმა რეფერიმ გამალ ალ-განდურმა თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და შეიძლება დღემდე თვითონაც არ იცოდეს, სად დაინახა ბარახას „უწესობა“. დამატებით დროში ფერნანდო მორიენტემა ოქროს გოლი გაიტანა, მაგრამ საქმეში გვერდითი არბიტრი ჩაერია, რომელმაც ხოაკინის პასის მომენტში ჩათვალა, რომ ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასე არ ყოფილა. ავად თუ კარგად, სამხრეთ კორეა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც იმარჯვა და ნახევარფინალში „გავიდა!“

აი, შემდეგი გაჩერებაზე, გერმანიის ნაკრებთან კი აღარ მომხდარა „უნებლიე“ შეცდომები და გუს ჰიდინკის გუნდი 0:1 დამარცხდა, რასაც მესამე ადგილისთვის მატჩში თურქეთთან წაგებაც მოჰყვა (2:3), მაგრამ ისტორიულ მეოთხე ადგილს „შესწვდა“.

სამხრეთ კორეა დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანაა, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოეთ კორეაზე, სადაც ბევრს დღემდე სჯერა, რომ 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას მოუგეს. თუმცა, ყველაფერი შედარებითია და ეს ნამდვილად დასაჯერებელი ამბავია იმის, ფონზე, რაც დემოკრატიულ სამხრეთ კორეაში აგერ უკვე 18 წელია სჯერათ - 2002 წელს, სამხრეთ კორეის ნაკრების მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე...

0.119671