ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ფილიპო გალი, რომელიც „როსონერის“ ღირსებას 14 სეზონი, 1982-1996 წლებში იცავდა და 324 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ამ შედეგით ის ლეგენდარული იტალიური კლუბის დიდების დარბაზშია შეყვანილი.
გალი ლეგენდარული „მილანის“ დაცვის ხაზში პაოლო მალდინისთან, ფრანკო ბარეზისთან და ალესანდრო კოსტაკურტასთან ერთად თამაშობდა და შავ-წითელთა იმ პერიოდის წარმატებებში თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
იტალიელმა საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (თასი) 1989, 1990 და 1994 წლებში, ხუთჯერ სკუდეტო აღმართა, სამჯერ ევროპის სუპერთასი და ორჯერ საკონინენტთაშორისო თასი. მიუხედავად ტიტულოვანი კარიერისა, ფილიპოს იტალიის ნაკრებში არასდროს უთამაშია, ხოლო კარიერის ბოლოს „რეჯანას“, „ბრეშასა“ და „უოტფორდის“ ღირსებასაც დაიცვა.
ვეტერან ფეხბურთელს ინტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა და დასმულ კითხვებს პასუხობდა. ჩვენც შემთხვევით ვისარგებლეთ და მოცემული შესაძლებლობის ფარგლებში გალის კითხვებით მივმართეთ. გალის ექსკლუზიური კომენტარი WORLDSPORT.GE-სთან ასეთია:
- რას ფიქრობთ, იტალიის დღევანდელი ნაკრების შესახებ?
- იტალიის დღევანდელ ნაკრებზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. რობერტო მანჩინი გუნდს სასიამოვნო, აქტიურ, თამამ ფეხბურთს ათამაშებს. ნაკრებს ნახევარდაცვაში ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც ბურთის ფლობა სურთ და უყვართ, უნდათ თამაშის წარმართვა. ბევრი ამბობს, რომ მეორე ეშელონის გუნდებთან ვითამაშეთ, მაგრამ ეს სიმართლე არაა. თამაშის იდეა პოზიტიური და ლამაზია. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ. მომწონს ცვლილებები და გუნდის გაახალგაზრდავება, მანჩინიმ გუნდს ახალი სტილი ძალიან კარგად მოარგო.
- ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი და მოწინააღმდეგე?
- ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელთანაც მითამაშია, კაპიტანი იყო, კაპიტანში, რა თქმა უნდა, ფრანკო ბარეზის ვგულისხმობ. რაც შეეხება მეტოქეს, ვფიქრობ, დიეგო მარადონა, ზიკოც ძალიან მომწონდა, შემდეგ მიშელ პლატინი. სამი სახელი, რომელიც ბევრ რამეს ნიშნავს.