რობინ ვან პერსიმ 2012-2013 წლების სეზონის მიწურული და სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გათამაშებას 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა და „მანჩესტერ სიტის“ ხვდებოდა, რომელთანაც წააგო და სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა.
თუმცა, უპირატესობა ისევ ძალიან დიდი იყო და წესით სანერვიულოც არაფერი გახლდათ, მაგრამ ვან პერსი იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა შოტლანდიელ ლეგენდას ამ თამაშის შემდეგ.
„ბევრი მწვრთნელი დრამას არ შექმნიდა, მაგრამ ფერგიუსონი გაცეცხლებული იყო. ორი ფეხბურთელი თამაშის შემდეგ წვეულებაზე წავიდა და მეორე დღეს ფერგიუსონმა მათი ფოტოები მთელს გასახდელში ჩამოკიდა და თქვა: „კარგი ბიჭებო, თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ამ ორი იდიოტის გამო მოხდება, რომლებმაც გართობა გადაწყვიტეს. ამიერიდან თუ დავინახავ, რომ ტიტულის აღმართვამდე რომელიმე ფეხბურთელი გასართობად წავა, შემადგენლობიდან ამოვაგდებ და გავყიდით“.
სხვადასხვა ფოტოები იყო, თითქოს საათობრივად ხაზი გაუსვა მათ სისულეებს. საუბრის შემდეგ ვივარჯიშეთ. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ვარჯიში“, - აღნიშნა ვან პერსიმ.
სერ ალექს ფერგიუსონის შიში კი გამოწვეული იყო იმით, რომ ერთი წლით ადრე (2012 წელს) „მანჩესტერმა“ „სიტისთან“ 8-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და ბოლო ტურში, ბოლო წუთზე სერხიო აგუეროს გოლით „ქალაქელები“ გაჩემპიონდნენ.