ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადაიდო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახისა და იაპონიის პრემიერმინისტრ შინზო აბეს ვიდეოკონფერენციის შედეგად, მხარეებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
„100%-იან შეთანხმებას მივაღწიეთ“, - მოკლედ განაცხადა აბემ. ინფორმაცია დაადასტურა IOC-ის ვებგვერდმაც.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი სპორტსმენების, გულშემატკივრების და პერსონალის ჯანმრთელობაა და ამ მოტივით, უდიდესი სპორტული მოვლენა გადაიდო.
„დღევანდელ ვითარებაში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, IOC-ის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერმინისტრი შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიური თამაშები 2020 წელს არ გაიმართება, თუმცა ჩატარდება არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა. სპორტსმენების, გულშემატკივრების, პერსონალისა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა მთავარია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს არ გაიმართება. ზუსტი თარიღი ჯერაც უცნობია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2021 წლის ზაფხულში შედგება, რადგან ეს ბოლო ვადაა. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ ოლიმპიადა სახელწოდებას არ შეიცვლის და ტოკიო 2020 დარჩება.