იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა. მუნდიალის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა (ვისთვის ანტიგმირმა) აღნიშნა, რომ მატჩების დროს ყავის დასალევადაც შეეძლო წასვლა, რადგან ზურგს ჯანლუიჯი ბუფონი და ფაბიო კანავარო უმაგრებდნენ.
გარდა ამისა, მატერაციმ იმავე ჩემპიონატზე კონკრეტულად გერმანიასთან თამაში ახსენა, რომელიც იტალიელებმა დამატებით დროში 2:0 მოიგეს.
„2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში უკეთ ვითამაშე, ვიდრე ფინალში. ზოგჯერ წინაც მივდიოდი, მაგრამ ყავის დასალევადაც შემეძლო გასვლა, რადგან ჩემს უკან კანავარო და ბუფონი იყვნენ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ სპორტს შეუძლია ერის გაერთიანება.
გერმანიასთან თამაშების თამაში იყო. ვფიქრობ, ნამდვილი ფინალი ეს მატჩი გახლდათ და დიდი სიხარული მივიღეთ. გერმანელები სახლში თამაშობდნენ, მაგრამ დავაბულინგეთ.
ყველა საუკეთესოსთან ერთად ან წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ საუკეთესო ბრაზილიელი რონალდო იყო. კრიშტიანუ რონალდუ რობოტია, ის მოსაგებად თამაშობს, მაგრამ ფენომენი სხვა იყო. სამწუხაროა, რომ ორი მძიმე ტრავმა ჰქონდა, თორემ მასთან ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებდი“, - განაცხადა მატერაციმ.
შეგახსენებთ, 2006 წლის მუნდიალზე მატერაციმ ოთხი თამაში ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა, წითელი ბარათი მიიღო, ფინალში ზინედინ ზიდანი გააძევებინა და პენალტების სერიაშიც მოახერხა თავის გამოჩენა.