ფეხბურთი

4:17 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსი" და "ინტერი" კარანტინში გადავიდნენ

კორონავირუსს მთელი მსოფლიო ებრძვის, მაგრამ ფეხბურთის სამყაროშიც უკვე მყარად შემოიჭრა. იტალიის სერია C-ში მოთამაშე ორი ფეხბურთელი, „ჰანოვერის“ მცველი ტიმო ჰიუბერსი და „ოლიმპიაკოსის“ პრეზიდენტი ევანგელოს მარინაკისი.

ეს ის შემთხვევებია, როდესაც ფეხბურთში კორონავირუსი დადასტურდა, მაგრამ დღეს „იუვენტუსმა“ შოკის მომგვრელი ცნობა გაავრცელა - დანიელე რუგანი ინფიცირებულია.

რუგანი პირველი ცნობილი ფეხხბურთელია, რომელსაც COVID-19 აღმოუჩინეს. კლუბმა სასწრაფო წესით მიიღო ყველა ზომა და დაუყოვნებლივ მთელი გუნდი ორკვირიან კარანტინში გადავიდა.

ამის შესახებ ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება. სხვათა შორის, „იუვენტუსს“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი უნდა ეთამაშა („ლიონთან“), მაგრამ ცხადია, თამაში არ შედგება. უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა, გადადებს მატჩს თუ იტალიელებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის.

„იუვენტუსის“ გარდა კარანტინში გადავიდა მილანის „ინტერიც“. საქმე ისაა, რომ „ნერაძურიმ“ ოთხი დღის წინ ტურინში სწორედ „ბებერ ქალბატონთან“ ითამაშა და რუგანი იმ მატჩის განაცხადში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელ მცველს კორონავირუსი ასიმპტომურად (უსიმპტომოდ) განუვითარდა. თავის მხრივ, ანტონიო კონტეს გუნდს ევროპა ლიგაზე "ხეტაფესთან" დღევანდელი მატჩი გადაუდეს, მაგრამ რა ბედი ეწევა მომდევნო კვირაში გასამართ მეორე თამაშს უცნობია.

ერთი რამ ცხადია, უეფა ორი არჩევანის წინაშე დადგა - იტალიური გუნდები ევროთასებიდან მოხსნას (ტექნიკური წაგებები ჩაუთვალოს) ან შეხვედრები გადადოს.

0.114632