იტალიაში სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა, მათ შორის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონიც. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ დაადასტურა, რომელმაც მთელი იტალია "წითელ ზონად" გამოაცხადა.
„დრო არ არის. ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩემპიონატის მატჩები გაგრძელდეს. ვწუხვართ, მაგრამ გულშემატკივრებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. სპორტული საქმიანობები უნდა შეჩერდეს. იტალია აღარ იქნება წითელი ზონა, იტალია იქნება დაცული ტერიტორია და მთელს ნახევარკუნძულზე მოგზაურობა შეიზღუდება. შეზღუდვები, მათ შორის სპორტული კუთხით ძალაში 3 აპრილამდე დარჩება. გუნდებს შეეძლებათ საწვრთნელი პროცესი გააგრძელონ. გადაწყვეტილება ძალაში ხვალ დილიდან (10 მარტის დილიდან) შევა“, - აღნიშნა კონტემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
აქვე გეტყვით, რომ იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1598 შემთხვევა დაფიქსირდა (ჯამში 7985), 97 ადამიანი დაიღუპა (ჯამში 463), ხოლო 102 გამოჯანმრთელდა (ჯამში 724).
რაც შეეხება სერია A-ს, ამ დროისთვის 26 ტურია გამართული (25-ე ტურის ოთხი მატჩი გადადებულია). ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს Lega Calcio სეზონის ბოლომდე ჩემპიონატის დასრულებას.