კალათბურთი

19:25 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვერამ" ლიდერ "ბათუმს" მოუგო და სუპერლიგის ლიდერთა შორის დამკვიდრდა

სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი დამარცხდა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში “ბათუმს” თბილისურმა “ვერამ” მოუგო, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართებოდეს, ცხრილში მე-2 ადგილზე განთავსდა.

რუსთავში გუშინ დაწყებული მე-15 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ლიდერი და სამეულთან ახლოს მყოფი “ვერა” შეხვდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “ბათუმი” გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომებისა და რაც მთავარია, ვერელების შედეგიანობის გამო შეხვედრა 82:84 (სტატისტიკა) წააგო.

ძალიან საინტერესო გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელიც რამდენიმე წამის დაწყებული იყო, ვერელები პირველად რომ დაწინაურდნენ. მანამდე კი, 3 პერიოდის განმავლობაში, “ბათუმი” ლიდერობდა – ხან 5, ხან – 10 ქულით, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე დაფიქსირდა – 36:20. “ვერა” ის გუნდია, რომელიც ნებისმიერი სხვაობით ჩამორჩენისას იბრძვის და დიდი დეფიციტის აღმოფხვრაც ეხერხება.

ასე იყო ამჯერადაც: ძირითადად უკანახაზელთა ხარჯზე – ბრენდონ სლაისა და გივი ბაქრაძის შედეგიანობით, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს. დიდი შესვენებისთვის ზღვისპირელები 6 ქულასღა იგებდნენ, ხოლო მესამე ათწუთეულის 20:16 მოგებით ვერელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. როგორც მოგახსენეთ, ბოლო პერიოდის დასაწყისში ვერელები პირველად გავიდნენ წინ – სლაის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 67:66 გახდა, თუმცა ბათუმელებმა მყისვე საპასუხო გაქცევა მოაწყვეს და ნიკოლა ვუიოვიჩის, კოლინ მალკოლმისა და ლევან ელიაძის ქულებით 74:67 დაწინაურდნენ.

გადამწყვეტი გამოდგა მატჩის დასკვნითი 5 წუთი, რომლის განმავლობაშიც გამოსარჩევია გივი ბაქრაძის ჩინებული გარჯა. ვერელთა გამთამაშებელმა ბურთებიც ჩაჭრა, სამქულიან-ორიანებიც ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაშიც უდიდესი წილი დაიდო. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში 80:80 იყო. ცხადი გახდა, რომ მატჩის ბედს 1 შეცდომა გადაწყვეტდა, თუმცა ბათუმელებმა ზედიზედ ორ შეტევაში ბურთი დაკარგეს, რითაც ჯერ ბაქრაძემ ზუსტი გარღვევით, შემდეგ კი სლაიმ (საჯარიმოებით) ისარგებლეს და საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე”ვერას” გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დაუბევეს – 84:80.

28 ქულით ვერელებს ბრენდონ სლაიმ ულიდერა. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 22 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა თბილისელთა ცენტრმა, ვენდელ ლუისმა, რომელიც მეორე ტაიმში თავისი გუნდის საიმედო დასაყრდენი იყო ბათუმელი მაღლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ზღვისპირელთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ნიკოლა ვუიოვიჩი გახლდათ, ხოლო კოლინ მალკოლმმა შეხვედრა 20 ქულითა და 5 პასით დაასრულა.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მეორე შეხვედრა თსუ-სა და “კაკტუსს” შორის 16:00 საათზე გაიმართება.

gbf.ge

თეგებივერაბათუმი
0.118201