კალათბურთი

2:27 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უზარმაზარი შენგელია - თორნიკემ "ფუენლაბრადა" გადათელა! (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას XXII ტურში თორნიკე შენგელიამ იფრინა. მართლა იფრინა! „ბასკონიამ“ „ფუენლაბრადას“ მისსავე მოედანზე უდრამატულეს შეხვედრაში 98:92 მოუგო. თუმცა, გამარჯვებულის გასარკვევად გუნდებს ორი ოვერტაიმის თამაში დასჭირდათ.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 84:84 დასრულდა, დამატებით ხუთწუთეულშიც უპირატესობა ვერცერთმა მოიპოვა და საქმე მეორე ოვერტაიმზე მიდგა, სადაც ქართველის ლიდერობით შეგულიანებული ვიტორიელები უკეთ გაისარჯნენ.

თორნიკეს ნადვილად ფანტასტიკური მატჩი ჰქონდა, ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ორმაგ დუბლსაც ხომ გააჩნია?! ცოტა დრო რომ ჰქონოდა, ვინძლო სამმაგ დუბლზეც გაეწია.

შენგელიამ თითქმის შეუცვლელად ითამაშა, 47:41 წუთში 32 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა! ქართველმა მძიმე ფორვარდმა 14-დან 8 ორქულიანი (57%), 5-დან 3 სამქულიანი (60%) და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 44(!) აღმოჩნდა და ძნელად წარმოსადგენია, რომ ტურის MVP-ობაში ვინმე შეეცილოს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე რომ გახდა, ამაზე ზედმეტი საუბარიც არ ღირს.

მოპოვებული ქულებითაც და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც „თოკომოტივი“ ორივე გუნდში უბადლო გახლდათ და მასთან ახლოს არც არავინ ყოფილა.

სხვათა შორის, შენგელიას შემდეგ „ბასკონიაში“ მეტ ჯენინგი გამოირჩა. საქართველოს ნაკრების წევრმა 40:49 წუთში 19 ქულა 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ამერიკელმა 2-დან 2 ორქულიანი (100%), 12-დან 4 სამქულიანი (33%) და 4-დან 3 საჯარიმო (75%) ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14 გამოდგა და თორნიკეს შემდეგ, როგორც ქულებით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის მეორე შედეგი ჰქონდა.

„ბასკონიას“ 11 გამარჯვების საპირწონედ ამდენივე მარცხი აქვს, მეათე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონასთან ერთ ნაბიჯშია. მომდევნო ტურში ვიტორიელები 8 მარტს, გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ საკუთარ დარბაზში დაუხვდებიან.

0.130209