ფეხბურთი

17:11 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

წითელი ლონდონი და გერმანული კლუბების რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გერმანული გუნდებისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. ბუნდესლიგის სამივე წარმომადგენელმა გამარჯვება მოიპოვა და ორი მეოთხედფინალში პრაქტიკულად გასულია.

„დორტმუნდმა“ შინ პსჟ-ს 2:1 აჯობა, „ლაიფციგმა“ ლონდონში „ტოტენჰემს“ 1:0 მოუგო, ხოლო „ბაიერნმა“ ასევე ლონდონში „ჩელსი“ 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე გერმანულმა გუნდებმა ყველა მატჩი მოიგეს - 3 თამაში, 3 გამარჯვება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მიუნხენის „ბაიერნი“. „რეკორდმაისტერმა“ მარტო მიმდინარე სეზონში ლონდონში 10 გოლი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემი“ 7:2 გააცამტვერა, ხოლო ახლა „ჩელსისაც“ თითქმის ნაკლები დღე არ აწია. არცთუ ისე შორეულ წარსულში კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს, „არსენალს“ 5:1 მოუგო.

ზოგადად, ინგლისში მიუნხენური გიგანტი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 2013 წლიდან „ბაიერნმა“ ინგლისში ოთხი სხვადასხვა გუნდის კარში მოახერხა 3 და მეტი გოლის გატანა. ორჯერ „არსენალთან“, თითოჯერ „მანჩესტერ სიტისთან“, „ტოტენჰემთან“ და „ჩელსისთან“.

სერჟ გნაბრიმ კი, მიმდინარე სეზონში ლონდონში „ტოტენჰემს“ ოთხი, ხოლო „ჩელსის“ ორი გოლი გაუტანა. 6 გოლი 2 მატჩში, ფანტასტიკური შედეგია.

ალბათ, ხშირად გსმენიათ დავა იმის შესახებ რა ფერისაა ლონდონი - წითელი („არსენალი“), ლურჯი („ჩელსი“) თუ თეთრი („ტოტენჰემი“). ალბათ წითელია, ოღონდ არა „არსენალის“, არამედ „ბაიერნის“ გამო. გნაბრიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ ტვიტერში დაწერა კიდეც, რომ ლონდონი წითელია, ძნელი მისახვედრი არაა აღნიშნული მესიჯის არსი...

0.128897