ფეხბურთი

19:53 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "ანორთოსისი" აუტსაიდერთან გაცამტვერდა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ყველა მტკივნეული მარცხი განიცადა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“. ქართველების გუნდი XXI ტურში გათამაშების ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერ, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ეთნიკოსის „ახნასს“ ესტუმრა და სამ ქულასაც გეგმავდა, მაგრამ ხელი მოეცარა.

0:5 – „ანორთოსისმა“ მოულოდნელად კატასტროფული მარცხი განიცადა და შინ უქულოდ დაბრუნდა. ქეცბაიამ ყველა ჩვენებური ათამაშა: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი შეუცვლელად, ხოლო ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭრავამ ერთმანეთი შეცვალეს. ჯანო პირველი ტაიმი იყო მინდორზე, ნიკა - მეორე.

ბუნებრივია, გამოსარჩევი და სასიამოვნო არაფერი მომხდარა, რადგან „ახნასი“ მთელი თამაში დომინირებდა და უკვე პირველივე ტაიმში ჰქონდა მატჩის ბედი გადაწყვეტილი.

ფამაგუსტელებმა მეოთხედ წააგეს მიმდინარე სეზონში, მაგრამ ცალსახად ყველაზე მძიმე მარცხი აღმოჩნდა. „ანორთოსისი“ 43 ქულით ლიდერობას მაინც ინარჩუნებს, „ომონიას“ ერთი, ხოლო „აპოელს“ ხუთი ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი, შუა კვირაში კვიპროსის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ნეა სალამინასთან“ გამართავს, რომელსაც შინ (1:1) დაუზავდა.

0.122925