ფეხბურთი

2:15 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ "გენტს" "რომასთან" 15 წუთში ვერ უშველა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ქართველების „გენტი“ „რომას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე კარლეს პერესმა გაიტანა და რომაელებმა იმარჯვეს. ჩვენთვის საინტერესო ცხადია ქართველების საკითხია და დიდად გასახარი არაფერი მომხდარა.

იეს თორუპი ჩვენებურებისადმი რომ დიდი ნდობით აღსავსე არაა, ეს უკვე ძველი ამბავია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ქვილითაია მთელი თამაში თადარიგში დარჩა, ხოლო ჩაკვეტაძე 74-ე წუთზე რომან ბეზუსის ნაცვლად ჩართო შეხვედრაში.

16 წუთი ჩვენებურს გუნდის გადასარჩენად არ ეყო. რამდენჯერმე მართლაც გაამწვავა თამაში, ერთხელ სახიფათო სტანდარტიც მოიპოვა, მაგრამ მეტი ვერ მოასწრო. უნდა ვთქვათ, რომ რამდენჯერმე კარგ პოზიციაში მყოფს თანაგუნდელებმა პასი არ გაუკეთეს, თუმცა, ესეც ძველი ამბავია.

აქვე ვთქვათ, რომ დღესვე დონეცკის „შახტარმა“ შინ ლისაბონის „ბენფიკას“ 2:1 სძლია, ხოლო დავით ხოჭოლავა განაცხადშიც არ ყოფილა. საპასუხო მატჩები ერთ კვირაში, 27 თბერვალს გაიმართება.

0.118339