„დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს განაგრძობს. რევაზ ჩომახიძის გუნდი C ჯგუფის მერვე ტურის მატჩს დღეს, თბილისში, იტალიურ „პრო რეკოსთან“ გამართავს.
„დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად თამაშობს და პირველ წრეში გამართული 7 მატჩიდან ყველა წააგო. შედეგად, ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მერვე ადგილზე იმყოფება. დღევანდელ შეხვედრაში კი დედაქალაქურ გუნდს მიხეილ ბაღათურია და დამირ ცრეპულია დააკლდებათ.
რაც შეეხება „პრო რეკოს“, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ჯგუფს 17 ქულით ლიდერობს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 24:9 მოიგეს, უშუალოდ განმეორებითი შეხვედრა კი დღეს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.