იტალიის თასზე "მილანისა" და "ტორინოს" მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით პატივი ლეგენდარული კალათბურთელ კობი ბრაიანტის ხსოვნას მიაგეს. გარდა ამისა, ორივე გუნდის ფეხბურთელები შავი სამკლავურებით თამაშობენ.
"ლეგენდები არასდროს კვდებიან" - ეს იყო ლეგენდარული კალათბურთელის მიმართ "სან სიროდან" გაგზავნილი მთავარი მესიჯი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბრაიანტი "მილანის" ქომაგი იყო. კობის ფეხბურთი იტალიაში ცხოვრების პერიოდში შეუყვარდა (6 წლიდან 13 წლამდე აპენინის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდა). ამერიკელმა განაცხადა, რომ "როსონერი" ჰოლანდიური ტრიოს, რუუდ გულიტის, ფრანკ რაიკაარდისა და მარკო ვან ბასტენის გამო შეუყვარდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში კი, ცნობილი ფრაზა თქვა: "თუ თქვენ მარცხენა ხელს მომჭრით, შავ-წითელი სისხლი წამოვა, მარჯვენა ხელის შემთხვევაში იისფერ-ყვითელი".