ფეხბურთი

3:10 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საშიში "ატალანტა" - ბერგამოელთა სარეკორდო მოგება

ბერგამოს „ატალანტამ“ უკვე კარგა ხანია დაამტკიცა, რომ ის „მოგზაური“ გუნდი აღარაა, რომელიც მხოლოდ ქვედა ლიგაში გავარდნით და მერე იქედან აღზევებით იყო დაკავებული. ჯამპიერო გასპერინიმ პატარა კლუბი სრულიად გარდაქმნა, რომელიც ხშირად სასწაულებს გვთავაზობს, უმეტესად კი მეტად მიმზიდველ ფეხბურთსაც აჩვენებს.

„ატალანტა“ სერია A-ს XXI ტურში „ტორინოს“ ესტუმრა და დედამიწის პირისაგან აღგავა - 7:0! ბერგამოელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ელიტალურ ლიგაში მსგავსი სხვაობით და ისტორია დაწერეს.

დიდებული იყო იოსიპ ილიჩიჩი, რომელმაც ჰეთ-თრიქი ხომ გაიფორმა და სალვატორე სირიგუს ერთი ბურთი მოედნის ცენტრიდანაც გაუტანა. სხვათა შორის, „ატალანტას“ ისტორიაში 8-ჯერ მოუგია სერია A-ში 5 ან მეტი ბურთის სხვაობით და ექვსჯერ ეს გასპერინის ერაში გააკეთა. მათ შორის, ოთხჯერ მიმდინარე სეზონში.

„უდინეზესთან“ 7:1, „მილანთან“ 5:0, „პარმასთან“ 5:0 და ამჯერად „ტორინოსთან“ 7:0 - ეს „ატალანტას“ მიერ მიმდინარე სეზონში მოგებული მატჩებია არასაფეხბურთო ანგარიშებით. რა გასაკვირია, რომ ლომბარდიელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან, მაგრამ „რომასთან“ კონკურენცია კი უწევთ.

დღესვე, „ბოლონიამ“ სტუმრად „სპალს“ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს წელს არაფერი უჭირს, მაგრამ მაინც ძალზე ფასეული ქულები იყო და ძნელად წარმოსადგენია, რომ „როსობლუმ“ ამ სეზონში ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნოს. „ფიორენტინამ“და „ჯენოანმ“ კი ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს და ქულები გაინაწილეს.

კვირას XXI ტურის ორი მთავარი მატჩი შედგება. ჯერ მარადიულ ქალაქში დერბია, მერე „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუხვდება.

„სპალი“ – „ბოლონია“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 პეტანია (23, პენ), 1:1 ვიკარი (24, ა.გ), 1:2 ბაროუ (59), 1:3 (პოლი (63)

„ფიორენტინა“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„ტორინო“ – „ატალანტა“ 0:7 (0:3)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (17), 0:2 გოსენსი (29), 0:3 ძაპატა (45, პენ), 0:4 ილიჩიჩი (53), 0:5 ილიჩიჩი (54), 0:6 მურიელი (86, პენ), 0:7 მურიელი (88)

თეგებისერია A
0.267521