მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის თასის გათამაშებას მესამე დივიზიონის ბინადარ „ლეონესასთან“ მარცხით გამოეთიშა. საერთოდ, „როხიბლანკოს“ არცთუ ისე წარმატებული სეზონი აქვს და შეიძლება ითქვას, დიეგო სიმეონეს ეპოქაში, ყველაზე რთულიც.
2020 წელი „ატლეტიკომ“ „ბარსელონასთან“ გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ „რეალთან“ (პენალტების სერიაში), „ეიბართან“ და „ახლა უკვე „ლეონესასთან“ მარცხი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, „ჩოლო“ დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი კრიზისს თავს ძალიან მალე დააღწევს.
„მათ მეკარეს ფანტასტიკური საღამო ჰქონდა. მახსოვს, ვიტოლოს, საპონიჩის, საულის მომენტები... ერთზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ და პასუხისმგებლობა სრულიად ჩემზეა. ძალიან კარგ ტურნირს გამოვეთიშეთ, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს. ვულოცავ მეტოქეს.
სრთული მომენტები სხვა სეზონებშიც გვქონია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ წაგებასაც არ შევუცვლივარ. ვერ მცვლიდა სხვა წაგებები და ვერ შემცვლის ესეც. მე მთლიანად მწამს ჩემი ფეხბურთელების, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ შეიძლება მოხდეს. მე მყავს მნიშვნელოვანი შემადგენლობა და დარწმუნებული ვარ დადებით შედეგებს ძალიან მალე მივაღწევთ“, - თქვა სიმეონემ.