ჯანო ანანიძემ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუშინ ოფიციალურად გააფორმა. Sport-express-ი ქართველი ფეხბურთელის აგენტ თეიმურაზ ლეპსაიას დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ტრანსფერის შესახებ.
მისი თქმით, ჯანოს გაცილებით სარფიანი წინადადებები საბერძნეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჰქონდა, მაგრამ ახლა მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა და თემურ ქეცბაიასთან წასვლა საუკეთესო არჩევანი იყო.
„გადაწყვეტილების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ფიგურა იყო. ის დიდი ხანია იცნობს ჯანოს, მშვენივრად იცის ფეხბურთელის შესაძლებლობები, იცის რა შეიძლება იყოს მისგან მოსალოდნელი. ასეთ ფეხბურთელს ახლა სწორედ „ანორთოსისი“ სჭირდება. გარდა ამისა, გუნდშიც მისი ბევრი ნაცნობია, რომლებთან ერთად ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, თურქეთში, საბერძნეთში, რუსეთში და ფინანსურად ბევრად უფრო მაცდური წინადადებები იყო. მაგრამ, ახლა უფრო მნიშვნელოვანია მატჩების ჩატარება და კარიერის თავიდან განახლება. ჯანო 27 წლისაა, ჯერ კიდევ შეუძლია დიდხანს მაღალ დონეზე თამაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ „ანორთოსისი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და ტიტულისთვის ბრძოლა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნა. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივა უკეთესია, ვიდრე გავარდნის".
- მართალია, რომ ფეხბურთელი და კლუბი ძალიან სწრაფად შეთანხმდნენ?
- დიახ. არ ყოფილა კითხვები „სპარტაკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ჩვენ არავისთან გვივაჭრია. ჯანო არის ბიჭი, რომლისთვის ადამიანური ურთიერთობები და სათანადო მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია.
- რატომ გააფორმეთ კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე?
- ჩვენ უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ახლა ოპტიმალური იქნებოდა ხელშეკრულების სეზონის ბოლომდე გაფორმება. თუ ჯანოს იქ მოეწონება, შეიძლება ისევ დარჩეს სათამაშოდ. ჯანო და მთელი საქართველო ერთა ლიგის პლეი-ოფის ელოდება, ამიტომ გადავწყვიტეთ 6 თვით კონტრაქტის გაფორმება და შემდეგ ვნახოთ რა ვარიანტები შეიძლება გამოჩნდეს.
- როდის შეიძლება შედგეს ჯანოს დებიუტი?
- მომდევნო მატჩში „ომონიასთან“ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, მაგრამ ელოდება ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე. „სპარტაკმა“ შეკრებაზე არ წაიყვანა და აუცილებელია ფორმის აღდგენა. ის ინდივიდუალურად ინარჩუნებდა ფორმას, კლუბი უახლოეს მომავალში შეძლებს მის გამოყენებას.