არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. პრემიერლიგის 23-ე ტურში "კრისტალ პალასთან" ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში აგუერომ ორი გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში 179 გოლი დაუგროვდა და ფრენკ ლამპარდის შედეგი (177) გააუმჯობესა.
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერია, რომელმაც თავი 260-ჯერ გამოიჩინა. მეორე ადგილზე უეინ რუნია 208 გოლით, ხოლო მესამეზე - ენდი კოული 187 გოლით. ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, აგუერო "მანჩესტერ სიტიში" მომდევნო სეზონის ბოლომდე ითამაშებს.