„მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ახლოსაა ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტნის ბრუნო ფერნანდეშის ტრანსფერთან. ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიური გუნდი 80 მილიონ ევროს მიიღებს.
ინფორმაცია არ უარყო „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ფერომ, რომელმაც განაცხადა, რომ ფერნანდეში პრემიერლიგაში თამაშს იმსახურებს.
„რომელი ფეხბურთელი იტყვის პრემიერლიგაში თამაშზე უარს? რთულია მას უთხრა, „არ დაგვტოვო“. ბრუნო იმსახურებს ამ ლიგაში თამაშს, ერთ-ერთი საუკეთესოა და იქ უნდა იყოს“, - თქვა ფერომ.
25 წლის ფერნანდეშმა პროფესიონალური კარიერა იტალიაში დაიწყო, სადაც „ნოვარას“, „უდინეზესა“ და „სამპდორიას“ რიგებში 2012-2017 წლებში ითამაშა. „სპორტინგს“ კი 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და 135 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში ბრუნოს 19-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.