კალათბურთი

0:22 | 18.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონიამ" ცსკა-სთან იბრძოლა, შენგელია ჩრდილში აღმოჩნდა

ევროლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა „ბასკონიამ“, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მე-20 ტურში ესპანური გუნდი მოსკოვში, ცსკა-ს სტუმრობდა და ბუნებრივია ფავორიტად არ განიხილებოდა.

თუმცა, ვიტორიელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს რუსულ გრანდს და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით, 90:94 წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ ცსკა ბოლო პერიოდის წინ 17 ქულით იგებდა, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული სტუმრებმა შესანიშნავად ჩაატარეს და მატჩს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს.

უცნაურია, რომ მიუხედავად „ბასკონიას“ შედეგიანი თამაშისა შეტევაში (90 ქულა), თორნიკე შენგელიას არ ჰქონია კარგი და დასამახსოვრებელი მატჩი. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 32:17 წუთში 12 ქულა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ საკმაოდ ცუდად ითამაშა შეტევაში, რადგან 12-დან მხოლოდ 5 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანიც გააცუდა და მხოლოდ საჯარიმოებიდან იყო უშეცდომო - ორიდან ორი. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი აღმოჩნდა - 4.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მეტ ჯენინგმა 28:12 წუთში საკუთარ გუნდს 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შეაშველა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც დაბალი გამოდგა (5).

„ბასკონიას“ ევროლიგაში ძალიან ცუდად მისდის საქმეები და 7 გამარჯვების წილ 13 წაგება დაუგროვდა. სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 24 იანვარს, „ხიმკის“ უმასპინძლებს.

0.120114