„მილანის“ ფეხბურთელმა ტეო ერნანდესმა იტალიური გრანდის რიგებში კახა კალაძის მიღწევა გააუმჯობესა. საქმე ისაა, რომ ფრანგმა მიმდინარე სეზონში 5 გოლის გატანა მოახერხა და XXI საუკუნეში „როსონერის“ პირველი მცველია, რომელმაც სადებიუტო სეზონში მსგავსი შედეგიანობით ითამაშა.
აქამდე, საუკეთესო შედეგი კალაძეს ჰქონდა, რომელმაც „მილანში“ გატარებულ პირველ სეზონში (2000-2001) მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. ერნანდესმა ქართველის მიერ ნაჩვენები შედეგი დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმეორა, ხოლო იტალიის თასზე „სპალთან“ გატანილი გოლით მისი გაუმჯობესებაც მოახერხა.
კახამ მაშინ ოთხივე გოლი სერია A-ში გაიტანა, ხოლო 22 წლის ფრანგმა ოთხჯერ სერია A-ში და ერთხელ იტალიის თასზე გამოიჩინა თავი. ასე, რომ უშუალოდ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, ეს მიღწევა ჯერაც ძალაშია.
გეტყვით იმასაც, რომ მაშინ ჩვენებური „როსონერის“ სეზონის მეორე ნაწილში შეუერთდა, მაგრამ თავის მხრივ ტეომაც დაახლოებით იმაზე დროში შეძლო ერთით მეტი გოლის გატანა, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული.
საერთოდაც, თუ მხედველობაში სადებიუტო სეზონს არ მივიღებთ, „მილანის“ ბოლო მცველი, რომელმაც ერთ სეზონში ხუთზე მეტი გოლი გაიტანა, კრისტიან პანუჩი იყო (1995-1996 წლების სეზონში).