ხუთშაბათ დილას იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მიფრინავს ხელბურთის ეროვნული ნაკრები. დღეს საღამოს გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა ოლიმპიურ სასახლეში, ხოლო პარასკევს, 21 საათზე, პირველი მატჩია რუმინეთთან.
ქალაქ ბენევენტოს „პალა ტედესკიში“ ჩვენი გუნდი შაბათს იტალიას ეთამაშება, კვირას - კოსოვოს. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. ნაკრები 14 იანვარს დაბრუნდება თბილისში და მზადებას დაიწყებს უკვე ევრო 2022-ის პლეიოფისთვის - 16 და 19 იანვარს ფინეთთან. სუომის გუნდთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.
საშობაო, ერთდღიანი პაუზის შემდეგ, მწვრთნელებმა საბოლოო შემადგენლობაც დაასახელეს. იტალიაში მიმავალი 16 ხელბურთელიდან დღეს მოედანზე იყო 15, ირაკლი ჩიქოვანი კი ვარჯიშს გუნდის ექიმ, დრაგან ილიჩთან ერთად აკვირდებოდა - ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მცირე ტრავმა აქვს.
ეროვნულ გუნდამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა გოგონების 16-წლამდელთა ნაკრებმა. ისინი თავის კარიერაში პირველ საწვრთნელ შეკრებაზე არიან, ივლისში გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატი აქვთ სათამაშო, დღეს კი უფროსი კოლეგები გაიცნეს, გზა დაულოცეს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
გვესაუბრება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ბექა ორჯონიკიძე: - „მზადება ნაყოფიერი იყო. ერთადერთი, ჩიქოვანის ტრავმა გვაფიქრებს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ირაკლი იტალიაში თამაშს შეძლებს. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ. ვარჯიშებთან ერთად გვქონდა თეორიული მეცადინეობები, ვნახეთ იტალიის, რუმინეთისა და ფინეთის ბოლო მატჩები, ნიკოლა მაქსიმოვიჩმა და დრაგან ჯუკიჩმა კი მეტოქე ხელბურთელების ინდივიდუალური დოსიეები შეადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება ფინეთს გუნდს მივაქციეთ. ჩვენთვის ორივე ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფინეთთან პლეიოფს მაინც უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგანაც მისმა შედეგმა უნდა განსაზღვროს ჩვენი გუნდის მომავალი ასპარეზი - აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში და ამით უნდა დავბრუნდეთ სახელბურთო ელიტაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა. რა თქმა უნდა, საბრძოლველად მივდივართ იტალიაშიც და არც იქ გამარჯვებაზე ვიტყვით უარს“.
ჩვენი მომავალი მეტოქეების ბოლო შედეგები ასეთია: იტალიამ ამხანაგურ მატჩებში ორჯერ დაამარცხა საუდის არაბეთი (23-21 და 27-26), ხოლო ფინეთმა საბრძნეთთან 22-36 წაგების შემდეგ შინ რევანში აიღო: 32-28. ფინელები დღეს ეთამაშებიან შინ ისრაელს, 12 იანვარს - კვიპროსს და კუნძულიდან გამოემგზავრებიან თბილისში. საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.
საქართველოს ნაკრები იტალიაში
5 ნიკოლოზ კალანდაძე (CB, 2002, 198, შამბერი, საფ)
7 ხაზეინ რუსტამოვი (LW, 1998, 177, ქუთაისი)
8 ირაკლი ჩიქოვანი (LB, 1989, 198, კონსტანცა, რუმ)
9 გიორგი მიქავა (LP, 1998, 196, BSB ბათუმი)
10 ირაკლი კბილაშვილი (CB, 1998, 190, მეტალურგი, მკდ)
11 გიორგი ცხოვრებაძე (RB, 2001, 193, მონპელიე, საფ)
12 ზურაბ ცინცაძე (GK, 1996, 185, იმედი-სტუ)
14 თეიმურაზ ორჯონიკიძე (LB, 1996, 199, ოროშჰაზი, უნგ)
18 უჩა მაისურაძე (LP, 1986, 191)
20 ერეკლე არსენაშვილი (LP, 1998, 200, ბრაგა, პორ),
22 შოთა თევზაძე (GK, 1981, 200, რეშიცა, რუმ - კაპიტანი)
23 რევაზ ჭანტურია (RW, 1982, 178, მეტალურგი, მკდ)
24 ირაკლი გოგოლაძე (RW, 1996, 175, BSB ბათუმი)
30 ზურაბ აბრამიშვილი (LW, 1994, 193, BSB ბათუმი)
31 გიორგი დიხამინჯია (RB, 1997, 190)
77 ლექსო წითელიშვილი (LB, 1992, ოჰრიდი, მკდ)
მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი
მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე
ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი
ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩი
მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო.
პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში)
10 იანვარი
21:00 რუმინეთი-საქართველო, მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)
23:00 იტალია- კოსოვო
11 იანვარი
21:00 კოსოვო - რუმინეთი
23:00 საქართველო-იტალია, მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)
12 იანვარი
19:00 კოსოვო - საქართველო, მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)
21:00 იტალია - რუმინეთი
დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)
1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი
10-12 იანვარს ლუქსემბურგში
2 ჯგუფი. საბერძნეთი 6, ისრაელი 6, ფინეთი 4, კვიპროსი 0
4 ტური. ისრაელი - კვიპროსი 28-21, ფინეთი - საბერძნეთი 32-28
5 ტური. 8 იან. საბერძნეთი - კვიპროსი, ფინეთი - ისრაელი
6 ტური. 11 იან. ისრაელი - საბერძნეთი, 12 იან. კვიპროსი - ფინეთი
4 ჯგუფი. დასრულდა - 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი
16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. 19:00 საქართველო-ფინეთი
მსაჯები: ბენ-დანი, ფარანი (ისრ), დელეგატი: გიოქმენი (თურ)
19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. 18:00 ფინეთი - საქართველო
მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), მიკუჩონისი (ლიტ)
16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი
15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი
გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში