რომის „ლაციო“ იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია. საუდის არაბეთში, სიმონე ინძაგის გუნდი იტალიის თასის მფლობელის რანგში ქვეყნის ჩემპიონ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და დამსახურებულად აჯობა.
რომაელები საშინელ ფორმაში მყოფი „იუვენტუსი“ ცალსახად დაჩაგრეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. რომაელები უკვე მე-16 წუთზე იგებდნენ ლუის ალბერტოს გოლით, როდესაც ტურინელთა დაცვის ხაზმა დაიძინა. ზოგადად, „იუვენტუსის“ მცველების ცუდი თამაში მიმდინარე სეზონში გასაკვირი არაა და ამჯერადაც ასე იყო. პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუს აქტიურობით ტაიმის ბოლოს გაქვითა ლუის ალბერტოს გოლი, მაგრამ მეორე ნახევარში მაურიციო სარის გუნდის დაცვამ კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფულად და სენად ლულიჩმა თავისიანები დააწინაურა.
ბოლო წუთზე კი დანილო კატალდიმ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და შეხვედრაც დასრულდა. ამრიგად, „ლაციომ“ მეხუთედ მოიპოვა იტალიის სუპერთასი, „იუვენტუსმა“ კი წელი წარუმატებლად დაასრულა. სხვათა შორის, „ლაციალემ“ ბოლო ორი სუპერთასი სწორედ „იუვენტუსთან“ გამარჯვებით მოიპოვა (2017 და 2019 წლებში).
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 1:3 (1:1)
ერ-რიადი, „კინგ საუდ უნივერსითი სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დე შილიო (კუადრადო 55), დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დუგლას კოშტა 76); დიბალა; იგუაინი (რემზი 66), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა (კატალდი 64), ლუის ალბერტო (პაროლო 66), ლულიჩი; კორეა, იმმობილე (კაისედო 82)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (17), 1:1 დიბალა (45), 1:2 ლულიჩი (73), 1:3 კატალდი (90)
გაფრთხილება: მატუიდი (9), ბენტანკური (48, 90) - ლუკას ლეივა (35), ლუის ალბერტო (58), კატალდი (90)
გაძევება: ბენტანკური (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე