ფეხბურთი

3:05 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ტორპედო" ქართულ ფეხბურთს სჭირდება, ძალიან მიყვარხართ!"

ქუთაისის "ტორპედომ" კახა ჩხეტიანის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა. ჩხეტიანის განცხადებით, ყველაფერი კარგიც ოდესღაც სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, ეს დროც დადგა.

ქართველმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ "ტორპედოს" ინვესტორის საკითხი მალე დადებითად გადაწყდება, რადგან იმერული გუნდი ქართულ ფეხბურთს აუცილებლად სჭირდება. ჩხეტიანის წერილს უცვლელად გათავაზობთ:

ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ალბათ ოდესღაც ყველაფერ კარგსაც აქვს თავისი დასასრული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც "ტორპედოში" მუშაობს. მადლობა ყველას, ვინც კარგ და ცუდ პერიოდში ღირსეულად იდგა კლუბის გვერდით.

მადლობა ქუთაისს და იმ ერთგულ გულშემატკივარს, ვის გვერდში დგომის გარეშეც ვერაფერს შევძლებდით. თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს.

მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ამ სამი წლის განმავლობაში "ტორპედოს" მაისური ეცვა. კლუბის წარმატებაში თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა, გაჭირვების დროს კლუბის ინტერესები გაითვალისწინა და გვერდით დაუდგა. კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლის საკითხი ჯერ კიდევ პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება. "ტორპედო" აუცილებლად სჭირდება ქართულ ფეხბურთს.

და ბოლოს, მადლობა უფალს აქ გატარებული იმ სამი წლისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძალიან მიყვარხართ!"

0.121146