ფეხბურთი

23:18 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ყატარში 10-ქულიანი ჰანდიკაპით მიემგზავრება

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჩაუხედავი კაცი იფიქრებდა: „ლივერპული“ და „უოტფორდი“ თანაბარი კლასის გუნდები არიან და აბა ვნახოთ, ვინ აჯობებსო. მაგრამ სინამდვილეში მერსისაიდელები პირველ ადგილზე არიან, უოტფორდელები კი - ბოლოზე. „ლივერპული“ ახლა უკვე 40 ქულით უსწრებს აუტსაიდერს.

არადა, სტუმრებმა შესანიშნავად ითამაშეს, ხშირად სჯობდნენ კიდეც მრისხანე მასპინძლებს. ეგ არის, სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, რაც ალბათ უპირველესად კლასის მაჩვენებელია.

სენსაცია არ მოხდა. თუმცა, მასპინძლებს ერთობ გაუჭირდათ. 90-ე წუთზე ანგარიში 1:0 იყო და იურგენ კლოპი ნერვიულად გადი-გამოდიოდა მინდვრის კიდეზე, როცა მო სალაჰმა ულამაზესი ბურთი გაიტანა ქუსლით და გერმანელი სპეციალისტიც და მთელი „ენფილდიც“ ამოასუნთქა.

სალაჰის პირველი გოლიც ეფექტური იყო, რომელიც ფირმინო-მანეს რეაქტიულ კონტრშეტევას მოჰყვა. სხვათა შორის, მეორე ტაიმის დასაწყისში მანემ ეფექტური თავურით გაიტანა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გაუუქმა.

ლივერპულელთათვის ერთი საწყენი ამბავი ის არის, რომ ვეინალდუმი დაუშავდათ. კუნთი დაიზიანა. არადა, კლოპს შუა ხაზში ისედაც პრობლემები აქვს.

ძნელი სათქმელია, რატომ ითამაშა „ლივერპულმა“ ასე უჟმურად. შესაძლოა, ასეთი დონის გუნდებთან ნახევარი ძალით ცდილობს ფონს გასვლას. ეგებ, გონებით უკვე ყატარში იყვნენ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც კვირას, 15 დეკემბერს მიემგზავრებიან.

მიჯრით რვამატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, „ლესტერმა“ მოულოდნელად ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნორვიჩთან“ დაკარგა ქულები და ლიდერს 10 პუნქტით ჩამორჩა.

„მელიებს“ ცდა არ დაუკლიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თითქმის შეუსვენებლივ უტევდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბევრი მომენტი შექმნეს.

ანგარიში სტუმარმა პუკიმ გახსნა, რომელსაც მიდინარე სეზონში „ნორვიჩსა“ და ფინეთის ნაკრებში უკვე 16 გოლი მოუგროვდა.

მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ვარდის დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარე კრულმა ხელში ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი მიითვალა.

უჭირს „ჩელსის.“ ბოლო ოთხ მატჩში სამი შეხვედრის წაგების შემდეგ, „არისტოკრატებს“ იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარი მაყურებლის წინაშე ცუდ სერიას დაასრულებდნენ. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მარილი აკლდათ შეტევაში.

ლამპარდი ნერვიულობდა. მინდორზე კოვაჩიჩი, ჰადსონ-ოდოი და ბატშუაი გაიყვანა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მოაწოდეს სტუმრებმა ავბედითი კუთხური, რომელსაც გოსლინგის გოლი მოჰყვა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-17 ტური. 14 დეკემბერი

ლივერპული - უოტფორდი 2:0

ლივერპული. „ენფილდი.“

1:0, 2:0 სალაჰი (38, 90)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, მილნერი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (რობერტსონი 59), შაჩირი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 70), მანე, სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 87)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

უოტფორდი: ფოსტერი, ფემენია, კაბასელე, კეტკარტი, მარიაპა, კაპუ, დუკურე (კინა 87), ჰიუზი, სარი, დეულოფეუ, დინი (გრეი 75)

მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ჰენდერსონი (43), მილნერი (57); ჰიუზი (24)

ლესტერი - ნორვიჩი 1:1

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 101

0:1 პუკი (26), 1:1 კრული (38 საკ. კარში)

ლესტერი: შმაიხელი, პერეირა, ევანსი, სეიუნჯუ, ჩილუელი, ნდიდი, პრატი (ბარნსი 46), ტილემანსი, მედისონი, იჰეანაჩო (გრეი 39), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ციმერმანი, გოდფრი, ბაირემი, ტეტი, მალკინი, ბუენდია (ვრანჩიჩი 90+3), ტრიბული (შტიპერმანი 86), კანტუელი (ერნანდესი 85), პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: კანტუელი (33), ტრიბული (52), ბუენდია (60), ტეტი (79), კრული (90+4)

ჩელსი - ბორნმუთი 0:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 243

0:1 გოსლინგი (86)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ზუმა, რიუდიგერი, ემერსონი, ჟორჟინიო (ბატშუაი 78), კანტე, ვილიანი (ჰადსონ-ოდოი 65), მაუნტი, პულიშიჩი (კოვაჩიჩი 65), აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლაპარდი

ბორნმუთი: რემსდეილი, რიკო, მეფამი, ფრენსისი, სტეისი, კუკი, გოსლინგი, ლერმა, ბილინგი, ფრეიზერი, კინგი (სოლანკე 75)

მწვრთნელი: ედი ჰოუ

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: კოვაჩიჩი (81); კუკი (50), გოსლინგი (82)

ბარნლი - ნიუკასლი 1:0

1:0 ვუდი (58)

შეფილდი - ასტონ ვილა 2:0

1:0, 2:0 ფლეკი (50, 73)

78-ე წუთზე გრილიშმა (ასტონ ვილა) პენალტი ვერ გაიტანა

საუთჰემტონი - ვესტ ჰემი 0:1

0:1 ალე (37)

0.132444