კალათბურთი

15:43 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეზონში მეორედ: გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა! (+VIDEO)

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიმდინარე სეზონში მეორედ (მეათე ტურში მიიღო MVP-ის ტიტული) და კარიერაში მეექვსედ.

თუმცა, ამჯერად, გიორგის საპატიო წოდების გაყოფა მალაგას „უნიკახას“ წევრ ხაიმე ფერნანდესთან მოუწია, რადგან ორივემ ტური მარგი ქმედების 38 კოეფიციენტით დაასრულეს.

შერმადინმა „მურსიასთან“ 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო (89%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%). შედეგად, მისი სარგებლიანობის მაჩვენებელმა 38 შეადგინა.

„შესანიშნავი გამარჯვება იყო. მინდა მივულოცო ჩემს თანაგუნდელება და მწვრთნელებს ლიგა ენდესაში ეს დიდი გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვარ თამაშით. აქ თამაში ადვილი არაა, მითუმეტეს ამ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შთამბეჭდავი მსროლელები ჰყავს. თუმცა, ჩვენ უკეთესები ვიყავით შეტევასა და დაცვაში. ამჟამად გუნდი ჩემზე თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთებაც შემიძლია გუნდისთვის. ჩემს სტატისტიკას არასდროს ვუყურებ, კარგად ვითამაშებ თუ ცუდად, ამას არასდროს ვაკეთებ. დიახ, 38 მაქვს მარგი ქმედების კოეფიციენტი, მაგრამ შემდეგ მატჩებზე ვფიქრობ. ჩემი საქმე თამაშია და ვეცდები თამაშები მოვიგო“, - თქვა შერმადინმა.

რაც შეეხება ხაიმე ფერნანდესს, მან „ბრეოგანთან“ 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც 38 აღმოჩნდა.

0.12894