ბერძნული „პანიონიოსის“ ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ტრავმირებულია. 25 წლის ჩვენებურმა სუპერლიგის ბოლო ტურში ათენის აეკ-თან (0:5) წაგებულ მატჩში მიიღო დაზიანება და მოედანი 44-ე წუთზე იძულებით დატოვა.
Gazzetta.gr-ს ინფორმაციით, კლუბში ქართველის მდგომარეობა აშფოთებთ და შესაძლოა უახლოესი შეხვედრა „ვოლოსის“ წინააღმდეგ (15 დეკემბერს) გამოტოვოს.
უფრო დეტალური ინფორმაცია კი ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ბაჩანას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
არაბულს 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და „პანიონიოსის“ საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მთლიანად ჩემპიონატში ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ ნელსონ ოლივიერას (აეკ) ორი გოლით ჩამორჩება.