ფეხბურთი

3:16 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს ეფექტი - დიდებული "ინტერი"

იტალიის სერია A-ში ორი თვის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. მილანის „ინტერი“ უბრალოდ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და გზად ვინც შეხვდა, პრაქტიკულად ყველა დაამარცხა. ანტონიო კონტემ დიდებულად დაიწყო მუშაობა, რეკორდს რეკორდზე ამყარებზე. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ინტერს“ ბოლო 88(!) წელიწადში საუკეთესო სტარტი აქვს სერია A-ში!

„ნერაძურიმ“ იცოდა, რომ მისი უშუალო კონკურენტი „იუვენტუსი“ „სასუოლოსთან“ ხელმოცარული დარჩა და „სპალს“ თავქუდმოგლეჯილი ეკვეთა. პირველივე ტაიმში ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მართალია, მეორე ნახევრის დასაწყისში ლეონარდო სემპლიჩის გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მთლიანობაში მილანელებმა ადვილად იმარჯვეს, რადგან სტუმართა კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს.

„ინტერმა“ 14 მატჩიდან 12 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება), 37 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერობას დაუბრუნდა. არავინ იცის, სეზონის ბოლოს რა შედეგებს უჩვენებს ლომბარდიული გრანდი, მაგრამ ფაქტია, ანტონიო კონტე თავისი საქმის უბადლო ოსტატია!

სანამ „ინტერი“ გალიდერდებოდა, იქამდე „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და კონკურენტის გალიდერებას პირდაპირ შეუწყო ხელი. „ბებერი ქალბატონი“ ლეონარდო ბონუჩის გოლით დაწინაურდა, მაგრამ იქვე გაუშვა ჟერემი ბოგასგან. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ტურინელებმა კომიკური გოლი გაუშვეს. ხუან კუადრადო, მატიას დე ლიხტი და ჯანლუიჯი ბუფონი პრაქტიკულად ერთად შეცდნენ და ჩიჩო კაპუტომ სტუმრები დააწინაურა. მაურიციო სარის გუნდი მხოლოდ ამის შემდეგ და მოედანზე პაულო დიბალას გამოსვლასთან ერთად გამოფხიზლდა. ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ ოდენ კრიშტიანუ რონალდუს პენალტს გამორჩა და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი სვლა კი განაგრძო, მაგრამ ეს ორი ქულა ვინძლო შემდგომში წინ ძალიან ძვირად დაუდგეს... სხვათა შორის, „სასუოლოს“ კარს 18 წლის დებიუტანტი სტეფანო ტურარი იცავდა და თავის საქმეს თავი ფანტასტიკურად გაართვა. იტალიურ მედიაში მასზე წერილები არ წყდება. ვთქვათ ისიც, რომ ტურატი მის ვიზავ ჯიჯი ბუფონთან შედარებით 23 წლით პატრააა! ტურინული გრანდი კი მას შემდეგ რაც ოქტომბრის დასაწყისში მილანში, „ინტერს“ მოუგო, პირველად აღარ იქნება ლიდერის პოზიციაზე და 36 ქულით მეორეა. სხვათა შორის, სარის გუნდი უფერულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ შედეგები ჩინებული აქვს, უბრალოდ „ინტერი“ კიდევ უფრო დიდებულად გამოიყურება. ერთი რამ კი, აქედანვე ცხადია, წელს სკუდეტოსთვის გააფთრებული ბრძოლა იქნება და ვინ იცის, იქნებ ამ ბრძოლამ ბოლო ტურამდე გასტანოს.

ჩინებულ სეზონს ატარებენ რომაული გუნდებიც. მაგალითად, „ლაციო“, რომელსაც 30 ქულა აქვს და ეს მართლა ძალიან მაგარი შედეგია, მაგრამ მისდა საუბედუროდ, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ უფრო შთამბეჭდავად ირჯებიან და ამიტომაა მესამე ადგილზე. სიმონე ინძაგის გუნდმა „უდინეზესთან“ ივარჯიშა და პირველივე ტაიმში მოათმავრა საქმე - 3:0. ჩირო იმმობილემ დუბლი შეასრულა და 17 გოლით ბომბარდირთა დავას ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. იმმობილე საოცარ ფორმაშია და ასე თუ გააგრძელებს, ვინ იცის, წლის ბოლოს „ოქროს ბუცზეც“ გაიწიოს. „ლაციალეს“ 30 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, დიდებული შანსი ექნება მეორე ადგილთან 6-ქულიანი ჩამორჩენა სამამდე შეამციროს, რადგან „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„არწივებზე“ არანაკლებ კარგ განწყობაზე არის „რომა“. „ჯალოროსიმ“ „ვერონა“ მისსავე მოედანზე უპრობლემოდ დაამარცხა (3:1). პაულო ფონსეკას გუნდმა უკვე 28 ქულას მოუყარა თავი და ოთხეულშია. წინ კი, რთული გამოცდა აქვს, მილანში „ინტერს“ უნდა ესტუმროს.

როგორც იქნა მოიგო „მილანმა“, რომელმაც „პარმას“ სტუმრად ტეო ერნანდესის გვიანი გოლით მოუგო. ერთი საინტერესო დეტალი - ფრანგი მცველი „როსონერის“ საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში 3 გოლით (კშიშტოფ პიონტეკთან ერთად). „მილანი“ ჯერაც სატურნირო ცხრილის შუაში გაჩხერილი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოახერხოს ცხრილის ზედა ნაწილთან მიახლოვება.

2010 წლის შემდეგ პირველად კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 6 თამაში ვერ მოიგო. დიახ, „ნაპოლის“ მეტად არადამაჯერებელი პერიოდი უდგას და კრიზისიდან გამოსავალიც არ ჩანს. ნეაპოლიტანელებმა ამჯერად შინ „ბოლონიასთან“ ვერაფერი გააწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო ლორენტეს გოლით ტაიმი მოიგეს, საბოლოოდ, 1:2 წააგეს. „ნაპოლის“ როგორც უკვე ვთქვით, ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მეშვიდე ადგილზეა 20 ქულით. არ იკითხავთ „ინტერთან“ და „იუვესთან“ ჩამორჩენა რამდენია? შესაბამისად, 17 და 16 ქულა!

სერია A-ს მე-14 ტური ორშაბათს დასრულდება, „კალიარი“ სარდინიაზე გენუის „სამპდორიას“ დაუხვდება.

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბონუჩი (20), 1:1 ბოგა (22), 1:2 კაპუტო (47), 2:2 რონალდუ (68, პენ)

„ინტერი“ – „სპალი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო (16), 2:0 ლაუტარო (41), 2:1 ვალოტი (50)

„პარმა“ – „მილანი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტეო ერნანდესი (88)

„ლაციო“ – „უდინეზე“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 იმმობილე (9), 2:0 იმმობილე (36, პენ), 3:0 ლუის ალბერტო (45, პენ)

„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ლორენტე (41), 1:1 ოლსენი (58), 1:2 სანსონე (80)

„ვერონა“ – „რომა“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 კლუივერი (17), 1:1 ფარაონი (21), 1:2 პეროტი (45, პენ), 1:3 მხითარიანი (90)

თეგებისერია A
0.499252