ესპანეთის ლა ლიგაში „სევილია“ სამეულში მოკალათდა. ანდალუზიელებმა „ვალიადოლიდს“ ევერ ბანეგას ადრეული პენალტით მოუგო და 28 ქულას მოუყარა თავი. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ამ გამარჯვებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გადაასწრო და ადგილი გაუცვალა - ახლა თავად იმყოფება სამეულში.
წინ გადადგა ნაბიჯი ბილბაოს „ატლეტიკმაც“, რომელმაც პამპლონაში „ოსასუნას“ მოუგო და მეხუთე ადგილზე მოკალათდა. ბასკები ინიაკი ვილიამსმა დააწინაურა, რასაც ავილამ უპასუხა, მაგრამ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში სამი წუთი შენარჩუნდა, რადგან კოდრომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვიგოს „სელტამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, „ვილიარეალს“ აჯობა მისსავე მოედანზე და ცოტა მოფერიანდა. თუმცა, ვიგოელებმა გასავარდნი ზონა მაინც ვერ დატოვეს და მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებენ თავს, რომ სამშვიდობოს მყო „მალიორკასთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს.
„ესპანიოლმა“ საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. კატალონელებმა „ხეტაფესგან“ სწრაფად გაუშვა, მაგრამ ჩინელმა ვუ ლეიმ გაათანაბრა და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. „ესპანიოლს“ ძალიან უჭირს და მე-19 ადგილზეა.
„ალავესმა“ უშუალო კონკურენტ „ეიბარს“ სტუმრად ხოსელუს გვიანი დუბლით მოუგო და ვითარება მნიშვნელოვნად გამოიკეთა.
„ესპანიოლი“ – „ხეტაფე“ 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 მატა (3), 1:1 ვუ ლეი (45)
„ოსასუნა“ – „ბილბაო“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ვილიამსი (21), 1:1 ავილა (76), 1:2 კოდრო (79)
„ეიბარი“ – „ალავესი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ხოსელუ (85), 0:2 ხოსელუ (90)
„ვილიარეალი“ – „სელტა“ 1:3 (0:0)
გოლები: 0:1 სისტო (54), 1:1 ჩუკვუზე (59), 1:2 ასპასი (80), 1:3 ასპასი (90)
„ვალიადოლიდი“ – „სევილია“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბანეგა (13, პენ)