ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის შემდეგ ლიდერთა დავაში არაფერი შეცვლილა. „ბარსელონამ“ და „რეალმა“ დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესპანური ფეხბურთის გრანდებს სამი ქულა ოფლდაუღვრელად არ მოუპოვებიათ.
თავდაპირველად, „ბარსამ“ ითამაშა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი „ლეგანესს“ ესტუმრა და ჩემპიონატის აუსტაიდერთა 3 ქულის მოპოვება მეტისმეტად გაუჭირდა. ხავიერ აგირეს გუნდი დასაწყისშივე ენ-ნესრის დიდებული გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც. თუმცა, „ლეგანესის“ სამწუხაროდ, ფეხბურთში პირველი ტაიმის მოგებაზე ქულები არ რიგდება. მეორე ნახევარში „ბარსა“ გამოფხიზლდა და წვალებით, მაგრამ მაინც მოიგო. ლუის სუარესმა ლიონელ მესის პასით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ცვლილებაზე შესულმა არტურო ვიდალმა კატალონელებს მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა.
დღის დასკვნით მატჩში მოძულე მტერს გამარჯვებით უპასუხა მადრიდის „რეალმა“. „სამეფო კლუბმა“ „სოსიედადს“ უმასპინძლა და „ბარსელონასი“ არ იყოს, ანგარიშში მალევე, მეორე წუთზე ჩამორჩა. ვილიან ჟოზემ ბასკები წინ გაიყვანა და მადრიდული ინჩადა აანერვიულა. მაგრამ, „რეალი“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და პრინციპში, „ბარსაზე“ ადვილად მოახერხა ამ ტურში სამი ქულის მოპოვება. კარიმ ბენზემამ ისევ გაიტანა და ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ფედერიკო ვალვერდემ და ლუკა მოდრიჩმა „ბლანკოსის“ უპირატესობა თვალსაჩინო გახადეს. „რეალს“ „ბარსელონას“ დარად, 28 ქულა აქვს და გათამაშებას ლიდერობენ.
ლიდერთა დუეტს კიდევ უფრო ჩამორჩა მადრიდის „ატლეტიკო“, დიეგო სიმეონეს გუნდი ჯერჯერობით ვერ დასტაბილურდა და ქულებს ადვილად ანიავებს. „როხიბლანკო“ „გრანადასთან“ მატჩში რენან ლოდის გოლით კი იგებდა, მაგრამ მხოლოდ 7 წუთი და საბოლოოდ შინ ქულით დაბრუნება მოუწია. ახლა „ატლეტიკო“ ლიდერებს 3 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
ბოლო დროს კარგი დროება დაუდგა სევილიის „ბეტისს“, რომელმაც გასავარდნ ზონას თავიც დააღწია და შეიძლება ითქვას, უკვე სამშვიდობოსაა. ანდალუზიელებმა მორიგი გამარჯვება „ბენიტო ვილა მარინზე“ „ვალენსიასთან“ იზეიმეს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდნენ. „ღამურები“ კი სატურნირო ცხრილის შუაში არიან გაჩხერილნი და გონს დროულად თუ არ მოვლენ, სეზონი ნამდვილად ჩაუვარედებათ.
„ლეგანესი“ – „ბარსელონა“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ენ-ნესრი (12), 1:1 სუარესი (53), 1:2 ვიდალი (79)
„ბეტისი“ – „ვალენსია“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 მაქსი გომესი (32), 1:1 ხოაკინი (37), 2:1 კანალესი (90)
„გრანადა“ – „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ლოდი (60), 1:1 სანჩესი (67)
„რეალი“ – „სოსიედადი“ 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (2), 1:1 ბენზემა (37), 2:1 ვალვერდე (48), 3:1 მოდრიჩი (74)