ფეხბურთი

3:20 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ვეცდებით შვეიცარიას საქმე გავურთულოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან მატჩის წინ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეცდებიან მეტოქეს საქმე მაქსიმალურად გაურთულონ.

კაშია დარწმუნებულია, რომ ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნაკრების მსგავს გუნდებთან თამაში ძალიან რთულია.

"საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.

​ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.116945