იტალიელმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. რიკარდომ ამის შესახებ განცხადება იტალიურ მედიაში გაავრცელა და „მილანის“ ხელმძღვანელობაზე წყენაც არ დაუმალავს.
„გადავწყვიტე საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მე და ჩემი ოჯახი მილანში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია რას გავაკეთებ ამის შემდეგ. „მილანში“ გატარებულმა ბოლო პერიოდმა შეაფერხა საკუთარი თავის რწმენა და ვნება ფეხბურთისადმი. მიუხედავად იმისა, რომ იქ შვიდი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მათ არ მომცეს საშუალება, რომ საკუთარ გულშემატკივარს დავმშვიდობებოდი. როდესაც ამას ვამბობ არ ვგულისხმობ „მილანს“, როგორც გუნდს, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც კლუბს ხელმძღვანელობდნენ, მირაბელი, გატუზო...“, - თქვა მონტოლივომ.
34 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „ატალანტაში“ (82 მატჩი, 7 გოლი), „ფიორენტინასა“ (259 მატჩი, 19 გოლი) და „მილანში“ უთამაშია (158 მატჩი, 10 გოლი). იტალიის ნაკრების ღირსება კი, 66-ჯერ დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.