ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ობრადოიროს“ ესტუმრა და გამარჯვება ადვილად მოახერხა - 92:79. ვიტორიელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, შედეგად ოთხივე პერიოდი მოიგეს და ბუნებრივია, შეხვედრის მოგებაც არ გასჭირვებიათ.
ფანტასტიკურად გაისარჯა თორნიკე შენგელია, რომელიც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP-იც სავსებით დამსახურებულად გახდა.
თორნიკემ 33:46 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 32 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ. ამასთან, როგორც უკვე ვთქვით, არც მოპოვებული ქულებით (29) ჰყოლია ბადალი. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო პირველი პერიოდის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი, რომელიც თორნიკემ მოედნის საკუთარი ნახევრიდან სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო.
რაც შეეხება მეტ ჯენინგს, 26 წუთში 11 ქულა და 1 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. „ბასკონიას“ 8 ტურის თავზე 4 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში 17 ნოემბერს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებენ.